თამარ ბაჩალიაშვილის უახლოესი მეგობრის, დეა კაპანაძის ჩვენების თანახმად, 23 წლის პროგრამისტმა სკოლის პერიოდში თვითმკვლელობა ორჯერ სცადა. კაპანაძის ჩვენების თანახმად, სუიციდის მცდელობის შესახებ ბაჩალიაშვილმა მას 3 წლის წინ უამბო.
ამასთან, პროგრამისტის მეგობარი არ გამორიცხავს, რომ ახალგაზრდა ქალი სახლიდან ვიღაცის თხოვნით წასულიყო, მათ შორის თეთრიწყაროში, თუმცა კაპანაძეს არ სჯერა, რომ ეს შეიძლება მამრობითი სქესის წარმომადგენლის თხოვნით მომხდარიყო.
“თავდაპირველად მე განგიცხადეთ, თითქოსდა თამარის მიერ წარსულში თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტი შევიტყე მისი თანაკლასელებისა და ჩემი მეზობლისგან. სინამდვილეში აღნიშნული შევიტყვე თამარ ბაჩალიაშვილისგან 3 წლის წინ. ასევე მოგახსენებთ, რომ რა თემას მოჰყვა ხსენებული საუბარი, არ მახსოვს. თუმცა მახსოვს, რომ თამარმა მომიყვა იმის შესახებ, რომ სკოლის პერიოდში ორჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა. ერთხელ მან დაიზიანა ვენები და იხსენებდა, რომ ძალიან რცხვენოდა თანაკლასელებისა და დაზიანებულ ხელებზე იფარებდა ქურთუკსა და გრძელსახელოებიან მაისურებს, რომ ვინმეს არ შეემჩნია დაზიანებები. თამარი არის გულჩვილი და ამავდროულად მშიშარა ადამიანი. აქედან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცის თხოვნით და დახმარების მიზნით თამარი წასულიყო უცნობ ტერიტორიაზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში თეთრიწყაროს რაიონში, თუმცა კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ეს იქნებოდა მამრობითი სქესის წარმომადგენელი, ვინაიდან თამარი არის მშიშარა და ამის გამო ადვილად არავის ენდობოდა. მით უფრო მამაკაცს, რომლის გამოც შეიძლება ქალაქიდან გასულიყო” – წერია დეა კაპანაძის ჩვენებაში.