ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან, 4 მათგანის წყაროს მოძიება და ეპიდ კვლევა მიმდინარეობს.
“28 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 12 სასტუმრო “დონას” კლასტერთან დაკავშირებული შემთხვევაა. 3 დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტია, კიდევ 3 რუსთავის ავერსის კლინიკის თანამშრომელია. 2 დადასტურებული შემთხვევა შემოტანილია, ისინი სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან. 4 დადასტურებულ პაციენტს მოგზაურობის ისტორია აქვს აჭარაში და იქ ზედამხედველობის კერაში გამოვლენილი პაციენტები არიან. 4 პაციენტზე კი ეპიდ კვლევა და კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს წყაროს დადგენის თვალსაზრისით. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი დღეს 15-ით გაიზარდა. COVID ცენტრებში ამ ეტაპზე 275 დადასტურებული შემთხვევის პაციენტი მკურნალობს. აქედან რეანიმაციის განყოფილებაში კვლავ რჩება კრიტიკულად მძიმედ 3 პაციენტი” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისათვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.