არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები ბლოგები მედია მთავარი პოლიტიკა

მეხუთე ხელისუფლება – რა ხდება დღეს ქართულ მედიაში?

ქართული ჟურნალისტიკის სენია (განსაკუთრებით პრესის) გაზეთის ფურცლებიდან არაეთიკურობა, ლანძღვა და წყევლა. ეს ბოლო სიტყვა, ვფიქრობ არ გაუკვირდებათ იმათ, ვინც პერიოდულად კითხულობს გაზეთებს, განსაკუთრებით ე.წ ოპოზიციურ ბეჭდურ გამოცემას. ვინმემ რომ ზედმეტი ფილოსოფოსობა არ დამაბრალოს, პირდაპირ მაგალითებზე გადავალ.

ამონარიდი, გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა: “ჰო, ასე ამბობენ, ამ ერთი კვირის წინათ ბატონ კახას თავისი უძრავ-მოძრავი ქონება, მთელი ამ წლების ნაალაფარ-ნავაჭრი, შვილივით მოვლილ-ნაპატივებ ღიპთან ერთად, ჩემოდნებში ჩაულაგებია და გაძურწულა.”

 

გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”: „პირიანად იმუშავა, სადაც რას მისწვდა, ყველაფერი ფულად აქცია და ჯიბეში ჩაიჩურთა.”

“ვიცი, საქართველოში ბენდუქიძის გაპინტრიშებით ბევრმა გაიხარა – ხომ ეტირა ყოფა, უსაქმოდ და უშემოსავლოდ დარჩა.”

“წერილი დასაბეჭდად უკვე გამზადებული იყო, როცა საიდუმლო წყარომ შეგვატყობინა – ბენდუქიძეს რუსეთმა “წითელი აუნთო” და უკანვე გამოაბუნძულაო. არ იკითხავთ, მიზეზად რა მოუდეს. ეს ფული, რომელიც შენ ჩამოიტანე, ჩვენს დაუძინებელ მტერ სააკაშვილთან ერთად გაქვს გაკეთებული და ვერ მივიღებთო. მაგრამ ამაში რუსეთიდან ჩატანილი ფულიც რომ ურევიაო. – არ დაბნეულა ბენდუქიძე. მაშინ დაბრუნდი თბილისში, გადაარჩიე ფული და ისე ჩამოდიო. ახლა ზის თურმე ჩაკეტილ ოთახში ფეხმორთხმული ბენდუქიძე, მოუხსნია ტომრისთვის თავი და ოფლში გაწუწული ითვლის და ითვლის. როდის მორჩება თვლას, არავინ უწყის…”

ამონარიდი გაზეთ “ქრონიკის” ერთ-ერთი ნომრიდან: “სანამ არ გამოიტანენ სააკაშვილს რეზიდენციიდან”.

საუბარი არაა იმაზე, მედიის სამიზნე პოლიტიკოსია, თუ უბრალო მოქალაქე. ამა თუ იმ ჟურნალისტს უკვე ჩამოყალიბებული აქვს საკუთარი “ბასრი სტილი” და მის შეცვლას ვერ აიძულებს ვერც დაწერილი კანონი და , მითუმეტეს, ვერც რომელიმე დაუწერელი თვითრეგულირების მექანიზმი.

 

ვინმემ რომ პრესის დისკრედიტაციაში არ დამადანაშაულოს, ორიოდ სიტყვას ვიტყვი ელექტრონულ მედიაზეც. ნებისმიერი ტელეკომპანიის კრიმინალურ სიუჟეტში, ახალდაკავებულები უკვე მოხსენიებული არიან დამნაშავეებად. 20 წელი გავიდა და ტელე-ჟურნალისტებმა ვერ ისწავლეს სიტყვა „ეჭვმიტანილი“. არადა, რა ადვილია, ტექსტი დატოვე იგივე, უბრალოდ წინ დასვი ერთი სიტყვა – „ეჭვმიტანილია“.

ბევრჯერ მომისმენია მედია საშუალებების წარმომადგენლებისგან, რომ ისინი ხელმძღვანელობენ საკუთარი მედია-ეთიკის კოდექსით, რომელიც დარწმუნებული არ ვარ, რედაქციის შესასვლელშივე კედელზე ეკიდოს, ან თუ კიდია, ვინმე კითხულობდეს.

 

ქართულ მედიაში არსებული მდგომარეობა მაიძულებს ვთქვა, რასაც ვხედავ და ვფიქრობ. აქედანვე აღვნიშნავ, ამ წერილის მიზანი არ არის მედია-საშუალებებში მომუშავე ადამიანების მხოლოდ გაკრიტიკება, ჩემი მიზანია იმ ადამიანების დახმარება, ვისაც სურს კრიტიკულად შეისწავლოს და გააანალიზოს დღევანდელ ქართულ მედიაში მიმდინარე მოვლენები, და იმათიც, ვისაც სურს შექმნას ალტერნატივა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს უმეცრებასა და უსამართლობას.

შეერთებული შტატებისთვის 11 სექტემბრის ავბედით დღეს, ერთ-ერთ ევროპელ ჟურნალისტს ამ თემაზე წერილის მომზადება თხოვეს. ჟურნალისტმა ინფორმაციის შეგროვება დაიწყო. მას ცოტა დრო ჰქონდა. თითქმის ყველა სათანადო უწყების წარმომადგენლისგან, პოლიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან კომენტარი აიღო. წერილის სრულყოფილებისათვის ყველაზე მეტად ჟურნალისტს რაც სჭირდებოდა, ძალიან შორს იყო – ნიუ-იორკი (ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ფიქრობდა). იგი მისგან რამდენიმე ათასი კილომეტრით იყო მოშორებული. საბოლოოდ, მედიის მესვეურმა გადაწყვიტა წერილი არ დაეწერა, სანამ ოკეანის გაღმა არ გაემგზავრებოდა. წერილის გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტი ემოციურად აღწერს მიწასთან გასწორებული ტყუპი შენობების ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და აღიარებს, რომ არა ამერიკაში ვიზიტი, იგი ამ წერილს ვერ დაწერდა.

ეს კარგი მაგალითი უნდა იყოს იმ ჟურნალისტებისთვის, ვინც თავიდან უნდა გადაიკითხოს მის მიერვე დაწერილი სტატია და დაიწყოს ძებნა, თუ სად არის ფაქტი, კომენტარი, წყარო, არგუმენტი, კომპეტენტური ანალიზი, ვერსიაც კი, რომელიც ლოგიკური ჯაჭვივით უნდა იყოს აკინძული. ბევრს ავიწყდება, რომ საზოგადოებას, რომელსაც სურს იყოს ინფორმირებული, მედიის გარდა უკეთესი ალტერნატივა არ აქვს. მედიამ უნდა მისცეს აუდიტორიას ორიგინალის ასლი, ამისათვის კი უნდა მოძებნოს ორიგინალი.

11 სექტემბრის შემდეგ ამერიკულ პრესაში არავის მოსვლია თავში აზრი, ბენ ლადენი დაეწყევლა, ან მისთვის შეეგინებინა გაზეთის ფურცლებიდან. ცივილიზებულ ქვეყნებშიც იციან რა არის „ბასრი კალამი“, ოღონდ, ისიც იციან, რომ არსებობს კანონი (დაუწერელი თუ დაწერილი), რომელიც პროფესიონალი ჟურნალისტისთვის უზენაესია.

მედიის უმეტეს საშუალებებში მტრად მიაჩნიათ ის ადამიანები, რომლებიც, რაღაც დოზით მაინც, არ არიან დაკავშირებული და არ არიან ალიანსში რედაქციის ხელმძღვანელობასთან. აღარაფერს ვამბობ „ხელმძღვანელი პირის იდეოლოგიაზე“, რომელიც ყოველთვის გასაზიარებელი ფაქტორი ხდება დანარჩენი თანამრომლებისათვის და ამ იდეოლოგიის გარშემო ხდება ადამიანთა შემოკრება. ასეთ შემთხვევაში ხშირად მსხვერპლი ხდება ის, ვინც დიდხანს ტრიალებს გაფეტიშებული იდეოლოგიის ირგვლივ, რადგან უსამსახუროდ დარჩენილი პერსონა, საბოლოოდ შიშველი რჩება დანარჩენ საზოგადოებასთან.

მდგომარეობიდან გამოსავლი დიდი ხანია გამოიძებნა. უბრალოდ, ჩვენს ქვეყანაში მისი დამკვიდრება გაძნელდება. არადა, ქართული მედიის გადასარჩენად უკვე გამოგონილი ველოსიპედით მოძრაობა თეორიულად რთული საქმე არ არის. მთავარია, სურვიული, რომ ვისწავლოთ ვეპოსიპედის ტარება.

 

მედიასაშუალებების უმეტესობა პოლიტიკური პრობლემებზე წერისას მიმართავს ე.წ ექსპერტებს, ან თავად ცდილობს ამ პრობლემების გააანლიზებას. ხშირ შემთხვევაში არ ხდება პრობლემის ძირფესვიანად წარმოჩენა. ამის თავი და თავი კი უფრო არსებული პოლიტიკური პრობლემის გადმოცემის მორალიზებაშია, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ხშირად, დილეტანტ ექსპერტს თუ ჟურნალისტს, სათანადოდ არ აქვს გააზრებული პრობლემის მთავარი არსი, ამიტომ თემის მორალიზებას ახდენს და ამ მეთოდით მდგომარეობიდან იოლ გამოსავალს პოულობს. არადა, ასეთი პროდუქტი, ავად თუ კარგად, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას ახდენს.

დღეისათვის ჩამოსაყალიბებელია თვითშეგნება, პირველ ეტაპზე თეორიულად მაინც, რომ მედია-კრიტიკის არსებობა აუცილებელია მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა განვითერბისათვის. ჩვენთან შექმნილია სტერეოტიპი, რომ მედიის კრიტიკა აკრძალულია. ამ სტერეოტიპის დანგრევა კი ხელს შეუწყობს მედია-კულტურის განვითარებას და გამოგვიყვანს კუსტარულად შექმნილი ველოსიპედების ეპოქიდან. საბჭოთა მბრძანებლურ-ადმინისტრაციული სისტემის ლიკვიდაცია უფრო მიგვაახლოვებს დემოკრატიულ მედია-პრინციპებთან და გაბატონებული აზრი, თითქოს, ჩვენი მედია-სისტემის განუვითარებლობის მიზეზი ხელმძღვანელობის მხრიდან მასობრივი საინფორმაციო საშუალებების დამონებაშია, დაიმსხვრევა. მედია-კრიტიკის განვითარებამ, თავის დროზე, თვალი აუხილა ბევრ მაგნატს არა მხოლოდ იმიტომ, რომ მის სარედაქციო სამუშაოებს აკრიტიკებდნენ, არამედ იმიტომ, რომ თვალი აუხილა ამავე მაგნატის დაქვემდებარებაში მყოფ სხვადასხვა გაკრიტიკებული წერილის ავტორს. გაჩნდა წინააღმდეგობები, რომელიც, საბოლოოდ ავტომატურად დაარეგულირა მედია-კრიტიკის მონიტორინგულმა საქმიანობამ.

ჯერ კიდევ შეერთებულ შტატებში აღიარეს, რომ მეოთხე ხელისუფლებაში სპონტანურად გაჩენილმა ახალმა მოდელმა გაამართლა. ანუ გაჩნდა „მეხუთე ხელისუფლება“, რომელმაც საკმაოდ დიდი გავლენა იქონია შემდგომში მედიის უფრო მეტი პროფესიონალიზმისა და თავისუფლების გაჩენაში, ჟურნალისტების საქმიანობა უფრო ეფექტური გახდა. ევროპაშიც, 90-იანი წლების გერმანიაში, საკმაოდ ბევრ გაზეთში გაჩნდა რუბრიკები და მედია-კრიტიკის სპეციალური სვეტები, რომლებსაც დღესაც ეფექტურად იყენებენ ჟურნალისტები თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების სხვადასხვა წარმომადგენლები.

დღევანდელი ქართული მედია უფრო პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სპონსორებზეა დამოკიდებული, ვიდრე აუდიტორიაზე, საზოგადოებაზე. ამას კი ავტომატურად მივყავართ საზოგადოებრივი აზრის მოჭარბებული დოზით იგნორირებისკენ. საბოლოოდ, ასეთი სისტემა მედიას და დანარჩენ საზოგადოებას შორის უფსკრულს აჩენს და იკარგება მედიის მთავარი დანიშნულებაც.

 

გენო ჯოხიძე

იტვირთბა....