ახალი ამბები მედია

ქიბარ ხალვაში მიხეილ სააკაშვილთან ტელედებატებს ითხოვს

ქიბარ ხალვაშმა ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა და ის პირობა დააკონკრეტა,  რომლის შესრულების შემთხვევაშიც თანახმაა თუნდაც “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში მივიდეს – ეს პირობა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ტელედებატებია.

“მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ საქართველოში არსებულმა პრაქტიკულად ყველა ტელევიზიამ მიმიწვია პირდაპირ ეთერში. მინდა მადლობა გადავუხადო მედიას ასეთი ინტერესისთვის და აქვე მოვუბოდიშო, რომ ამ ეტაპზე არ ვთვლი საჭიროდ ტელე-ეთერით საკითხთან დაკავშირებით უფრო ვრცლად საუბარს. ერთადერთ შემთხვევაში, თუ რომელიმე ტელევიზია, მათ შორის, თუნდაც “რუსთავი 2”, მოახერხებს და ორგანიზებას გაუკეთებს ჩემს დებატებს მიშა სააკაშვილთან, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.   გარწმუნებთ, სააკაშვილთან ჩემი დებატები სულ რამდენიმე წუთში დაუსვამს წერტილს ამ დავას და საზოგადოებას დაანახვებს, ვინ რას წარმოადგენს და ვის რა ხელი ჰქონდა რუსთავი 2–თან.

საზოგადოებას ემახსოვრება, რამდენიმე დღის წინ, მე ტელედებატებში გამოვიწვიე “რუსთავი 2″–ის ნომინალური მფლობელები, ძმები ყარამანაშვილები. შემდგომ რუსთავი 2-ის ფაქტობრივი მეპატრონე, მიშა სააკაშვილი. როგორც მოსალოდნელი იყო, მათ ჩემს ამ გამოწვევას იგნორით უპასუხეს. ვფიქრობ, ყველაფერი დღესავით ნათელია. რაც შეეხება ბატონ გვარამიას – ნომინალური მფლობელების მიერ დაქირავებულ დირექტორადწოდებულთან, რა თქმა უნდა, სალაპარაკო არაფერი მაქვს,” – ნათქვამია განცხადებაში, სადაც ხალვაში ასევე მადლობას უხდის საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს შეხვედრისთვის და ყურადღებისთვის, მედიას კი – მის მიმართ გამოჩენილი დიდი ინტერესისთვის.

 

იტვირთბა....