ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნაწილი 2 – კონკრეტულად რა დავალებებს იღებდა “პატრიოტთა ალიანსი” კრემლიდან

“დოსიე ცენტრის” ჟურნალიტური გამოძიების მიხედვით, “პატრიოტთა ალიანსი” კრემლიდან კონკრეტულ დავალებებს იღებდა. მეორე ნაწილის მიხედვით, პარტიას წინასაარჩევნოდ ხმებისა და მხარდაჭერების მოგროვების მიზნით,  კონკრეტული ტაქტიკური დავალებები უნდა შეესრულებინა.

ცნობილი ხდება ისიც, რომ რუსული პიარ კომპანია “პატრიოტთა ალიანსით” უკმაყოფილოა. კომპანიის დირექტორი წერს, რომ ვერ უხსნის ხელმძღვანელობას, რატომ პასიურობს პარტია საქართველოში.

“დოსიემ” გამოაქვეყნა სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური ხარჯთაღრიცხვა, წინასაარჩევნო მეთოდური და ოპერატიული შეჯამება. რუსეთის პრეზიდენტის საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს ხელმძღვანელის, საგარეო დაზვერვის სამსახურის მივლენილი გენერლის, ვლადიმერ ჩერნოვის სამდივნოდან.

დოკუმენტებში საუბარია “პატრიოტთა ალიანსის” წინასაარჩევნო ბიუჯეტზე 8 430 625 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.

“დოსიეს” თანახმად, “პატრიოტთა ალიანსს” მომსახურებას უწევს კომპანია POLITSECRETS და პოლიტექნოლოგი სერგეი მიხეევი, თვითონ მიხეევს კი კურატორობენ გენერალ ჩერნოვის დაქვემდებარებაში მყოფი, ФСБ-ის სათადარიგო პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და ГРУ-ის ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი.

ჟურნალისტური გამოძიების მეორე ნაწილში გამოქვეყნებულ დოკუმენტებში კი საუბარია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების აფხაზეთში ვიზიტის შესახებ და გაწერილია თეზისები ირმა ინაშვილისა და გიორგი ლომიას პრესკონფერენციისთვის ამ საკითხზე.  გამოძიების თანახმად, ინაშვილსა და ლომიას უნდა ეთქვათ, რომ ვიზიტის მიზანი საქველმოქმედო იყო, ასევე, ესაუბრათ სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობაზე და ნეიტრალიტეტზე, როგორც მორიგი დამღუპველი ომის თავიდან აცილების გზაზე.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი “დოსიეს” მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტური გამოძიებას სიცრუეს უწოდებს. ინაშვილის თქმით, არავითარი აზრი არ ჰქონდა პარლამენტის შენობის პიკეტირებას აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში, როდესაც პარლამენტი არ მუშაობს.

იტვირთბა....