“ტექნიკური შემოწმება ჩატარდა ავტომობილის, ცოტა დაზიანებები აღმოაჩნდა წინა ნაწვიბებს, დაზიანებულია მარცხენა მხარე, მარჯვენა მგზავრის მხარე. დაზიანებულია მანქანის წინა მარჯვენა „ბამპერი“ და მარჯვენა მგზავრის მხარეს კარების სახელურის მხარეს აქვს მირტყმული. ჯერჯერობით რაიმე დასკვნის გაკეთება რთულია, ამას ექსპერტი დაადგენს. თამარის მამა თავად უვლიდა ავტომობილს და მისი თქმით ავტომობილს აღნიშნული დაზიანებები არ ჰქონდა და იგი ახალია. გაკვირვებული იყო, საიდან მიიღო მანქანამ ეს დაზიანებები.”
მიხეილ რამიშვილი – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი.
ამის შესახებ “პრაიმტაიმს” განუცხადა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა პირველად დღეს გაიხსნა. ადვოკატი და მშობლები, ეჭვობდნენ, რომ ბაჩალიაშვილი ჯერ მოკლეს, ავტომობილი კი მოგვიანებით ბუქსირით მიიტანეს იმ ადგილას, სადაც ცხედარი იპოვეს.
თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი განმარტავს, რომ თამარმა “შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით”. თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.