ქართველი ემიგრანტი, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს და თანადგომას უცხადებს. ნათია ბარდაველიძე წერს, რომ ყველა ადამიანი, ვინც 23 წლის პროგრამისტის ოჯახს განიკითხავს, უსამართლოდ იქცევა და მომავალზე არ ფიქრობს.
,,ძალიან მეფიქრება საქართველო, ყოველ წუთსა და წამს… როგორც ემიგრანტს, როგორც შვილების დედას, როგორც შვილს, ჩემი მშობლები. ყველაზე მეტად მაჯავრებს, რომ სიცოცხლე არაფრად აქციეს საქართველოში. ადამიანს მოკლავ და ვითომ არაფერი, მერე ფარცხავენ საქმეებს. ამ ბოლო დროის ტრაგედიამ ბოლომდე შემძრა. მიჭირს ქალბატონი თეონას ყურება. როგორ იბრძვის, რომ სიმართლე დაამტკიცოს. ყველა კარს უხურავს, მაგრამ მაინც ბოლომდე იბრძვის და თქვენ, ვინც განიკითხავთ გვარამიასთან რატომ წავიდა, ის რატომ თქვა, ეს რატომ თქვა, სინდისი არ გაქვთ? არც დედა გყავთ და არც შვილები? გიფიქრიათ, რას განიცდის ოჯახი იმ კაფანდარა ლამაზ გოგოს სიცოცხლე რომ წაართვეს და ახლა ბინძურ ხელებს აწმენდთ? ჩემი თანადგომა როგორც ქართველის, როგორც დედის, თამუნას ოჯახს. გამძლეობას გისურვებთ, ვიწვი თქვენი ცოდვით და არ შემეძლო არ დამეწერა, გითანაგრძნობთ მთელი გულით” – წერს ემიგრანტი თეონა თამაზაშვილს.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა დღეს პროკურატურასთან აქცია გამართა. ოჯახის ერთ-ერთი მოთხოვნა საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირება იყო.
როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი განმარტავს, თამარმა “შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით”. თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.