გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდა. როგორც მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, 23 წლის პროგრამისტის საქმეზე ვიდეოჩანაწერებს გარკვეული ნაწილი აკლია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„გარკვეული ვიდეოჩანაწერები ვნახე, დაკავშირებული იმ ჯიპებთან. ნაწილი კიდევ აკლია, მიმდინარეობს გადაწერა. როდესაც სრულად ვნახავ, მერე უკვე იქნება სრული შეფასება, რა შემხებლობა შეიძლება ჰქონოდა ამ ავტომობილებს. ეს ყველაფერი საიდუმლო ბაზიდან არის. მაინც ვალდებული ვარ, ამ თემაზე არ ვისაუბრო. ვალდებულება მაქვს, ეს საიდუმლო არ გავამჟღავნო. ამ ვიდეოჩანაწერებს რომ ვნახავ, მერე იქნება პასუხი, რა შემხებლობა ჰქონდა ამ ავტომობილებს თამართან მიმართებაში.
გენპროკურორმა დაგვიდასტურა, ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნებოდა, არ იქნებოდა ექსპერტების ჩართულობის პრობლემა. კიდევ ერთხელ მივმართავთ გენპროკურორს, ვკითხავთ, – როდის იქნება ინფორმაცია იმ სრული მასალის, რაც კომპიუტერიდან წაშლილია, სატელიტიდან როდის იქნება სურათები, ჩემი რწმენით, იქ ავტომობილი ნამდვილად არ იყო. სატელიტიდან გამოჩნდება, იქ იყო თუ არა ავტომობილი.ხვალ რუსთავში ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი, – მანქანის ექსპერტიზა“ – განაცხადა რამიშვილმა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა დღეს პროკურატურასთან აქცია გამართა. ოჯახის ერთ-ერთი მოთხოვნა საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირება იყო.
როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი განმარტავს, თამარმა “შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით”. თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.