“პირველი კითხვა – ვინ გაიყვანა თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან, რომელიც დედამ სახლში დატოვა მძინარე. რა მიმართულებით წავიდა, სად არის ტელეფონის ჩანაწერები.. როგორ შეიძლება, თვალში ნაცარს გვაყრიან, Facebook არის წაშლილი, ლეპტოპი გასუფთავებული, ტელეფონის ამონაწერები რეალურდ არ არსებობს.. ვინ დაურეკა, რა სიტუაცია იყო, რა შეტყობინებები მიიღო და რა პერიოდში.. რა ხდებოდა მანამ, სანამ დადგებოდა ეს დღე, როდესაც თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარდა, გამოძიება ამ მიმართულებით საერთოდ არაფერს გვეუბნება.”
ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი.
ამის შესახებ “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა დღეს პროკურატურასთან აქცია გამართა. ოჯახის ერთ-ერთი მოთხოვნა საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირება იყო.
როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი განმარტავს, თამარმა “შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით”. თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.