ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ჩვენ მაინც ვრჩებით იმ მოთხოვნით, რომ FBI-ის ექსპერტები იყვნენ ბოლომდე ჩართული ამ საქმეში”

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ოჯახი კვლავ ითხოვს, საქმის მასალები FBI-ის ექსპერტებმა დროულად შეისწავლონ – ამის შესახებ რამიშვილმა გენერალურ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„ჩვენი სურვილია დანაშაულის გადაკვალიფიცირება, მოგეხსენებათ სხვა მუხლითაა აღძრული საქმე, ბევრი კითხვის ნიშნებია. ველოდებით, როდის იქნება ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დღემდე არ მოსულა. დრო რომ არ გაწელილიყო და გაჭიანურებულიყო, ჩვენ უარი ვთქვით 14 სექტემბრისთვის უცხოელი ექსპერტების ჩამოსვლაზე.

ჩვენ მაინც ვრჩებით იმ მოთხოვნით, რომ FBI-ის ექსპერტები იყვნენ ბოლომდე ჩართულები ამ საქმეში, დროულად მოითხოვონ ის მონაცემები, რაც არის წაშლილი ლეპტოპიდან, ასევე ის ინფორმაციაც, ვინ იყო ის პიროვნება, ვინც გაიყვანა თამუნა სახლიდან და ვინ დაგეგმა ეს ყველაფერი”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა დღეს პროკურატურასთან აქცია გამართა. ოჯახის ერთ-ერთი მოთხოვნა საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირება იყო.

როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი განმარტავს, თამარმა “შემთხვევით გახსნა და გაშიფრა ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით”. თეონა თამაზაშვილის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია წყარომ მიაწოდა და იგი აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....