“დღე არ გავა, ვინმე არ მოკვდეს, ისეა გამრავლებული კრიმინალი. ნუ დაელოდებიან იმას, უშუალოდ მაგათ ოჯახს როდის შეეხება ეს ყველაფერი. გამოვიდნენ, რამეთუ “ყველა ერთისათვის და ერთი ყველასათვის”. ჩემი მოთხოვნა იქნება მუხლის გადაკვალიფიცირება”
თეონა თამაზაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის დედა
“მთავარი არხი”
ცნობისთვის, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს, 30 აგვისტოს გენერალური პროკურატურის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავს. ისინი მოითხოვენ, რომ პროკურატურამ სუსის სამი ავტომობილის გადაადგილების ამსახველი სრული ჩანაწერი გაასაჯაროვონ.
შეგახსენებთ, საგამოძიებო უწყებამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტი – თემურ ჭანუყვაძე გამოკითხა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. ბაჩალიაშვილისა და ჭანუყვაძის ურთიერთობას დაღუპულის დედაც, თეონა თამაზაშვილიც ადასტურებს და ამბობს, რომ თემურ ჭანუყვაძის ჩვენებას გაეცნო.
ასევე, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, უახლოეს დღეებში ბაჩალიაშვილის ავტომობილს კიდევ ერთი ექსპერტიზა ჩაუტარდება.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.