მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 35.7 მილიონი ევროს მოცულობის (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება გამოყო პროექტ Log-in Georgia-სთვის, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.
Log-in Georgia პროექტის საშუალებით მსოფლიო ბანკი მხარს დაუჭერს საქართველოს ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების ეროვნულ სტრატეგიას 2020-2025 წლებისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებულ იქნა 2020 წლის იანვარში.
პროექტი ხელს შეუწყობს 1000-მდე სოფლის, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლებული პუნქტების დაკავშირებას მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომ სწრაფ ინტერნეტსერვისთან. პროექტით გათვალისწინებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განხორციელებით სარგებელს მიიღებს დაახლოებით 500 000 ადამიანი, რომელიც ამჟამად მაღალი ხარისხის, მაღალსიჩქარიან ინტერნეტს მოკლებულ რაიონებში ცხოვრობს.
პროექტი Log-in Georgia სამი კომპონენტისგან შედგება: ფინანსურად ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის ზრდა; მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაკავშირებული ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა; და პროექტის დანერგვის მხარდაჭერა. სოფლების მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით დაფარვის ზრდით და ასევე, ქვეყნის მასშტაბით ტრენინგისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამების მეშვეობით, პროექტი ხელს შეუწყობს ციფრული სერვისების გამოყენებას. პროექტი წაახალისებს ციფრულ საფინანსო სერვისებსა და ელექტრონულ კომერციას, ისევე როგორც ელექტრონული მთავრობის სერვისებს. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს დისტანციური სწავლებისა და ტელემედიცინის განვითარებას.
პროექტი ხელს შეუწყობს ფართოზოლოვანი სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას პოლიტიკისა და მარეგულირებელი რეფორმების საშუალებით, რათა სოფლად ინტერნეტპროვაიდერებმა დაბალ ფასად შეძლონ კონკურენტული მაღალხარისხიანი ინტერნეტსერვისის მიწოდება. ამავე დროს, სამიზნე დასახლებულ პუნქტებში სპეციალური ღონისძიებები განხორციელდება ქალების, ეთნიკური და სოციალური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ ინტერნეტითა და ციფრული სერვისებით სარგებლობის ხელშესაწყობად.
პროექტი განხორციელდება არა-მეწარმე, არაკომერციული იურდიული პირის Open Net-ის მიერ ხუთი წლის განმავლობაში, კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით.