იუსტიციის მინისტრის სადავო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ქალი ინვიტრო განაყოფიერებას ქორწინებიდან 1 წლის გასვლამდე ვერ შეძლებს, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ეხმაურება.
ორგანიზაციის განცხადებით, მათ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება დაიწყეს.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა 25 აგვისტოს მოაწერა ბრძანებას ხელი. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ცვლილებები 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება. ცვლილებების თანახმად, განაყოფიერებამდე ნოტარიულად დადებული ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს “ქალისა და მამაკაცისგან შემდგარი წყვილი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა” იმ შემთხვევაში, თუ ისინი: იმყოფებიამ ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია სულ მცირე, 1 წელი; იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში. ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით.