ახალი ამბები სამართალი

“საქართველოს ბანკიდან” ფული დაიკარგა

“საქართველოს ბანკიდან”, დიდი ოდენობით თანხის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.  ”მეტრონომ ჯი” საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, სოფო ბალავაძეს დაუკავშირდა, რომელმაც დიდი ოდენობით თანხის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია უარყო, თუმცა დაადასტურა თანხის დაკარგვის ინციდენტი და განაცხადა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ გაამჟღავნებს.

სოფო ბალავაძე: “დიდი ოდენობით თანხის დაკარგვას ვერ დავადასტურებ, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გარკვეული ინციდენტი არის თანხასთან დაკავშირებით, მაგრამ არაფერი საგანგაშო,  ჩვენ ჩვეულებრივ ვმუშაობთ. მომხმარებელს ეს არ ეხება. გამოძიება მიმდინარეობს და მე უკვე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გეუბნებით ვერანაირ დეტალს.

“მეტრონომ ჯი“ ასევე დაუკავშირდა შს სამინისტროს, სადაც განაცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე ქურდობის მუხლის მეოთხე ნაწილის ბ ქვეპუნქტით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ბანკიდან შაბათს, 24 ოქტომბერს, დიდი ოდენობით თანხა დაიკარგა. გავრცელებული ინფორმაციით, თანხა თავისუფლების მოედანზე მდებარე ფილიალიდან გაიტანეს და შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მოედანზე რუსთავი 2-ის  კონცერტი მიმდინარეობდა.

 

 

იტვირთბა....