საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, თუკი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველი მხოლოდ უკრაინულ ვიკილიქსზე გამოქვეყნებული მასალა გახდა, “ეს უკიდურესად დამაზარალებელი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ასეთ დოკუმენტზე ასეთი გამოძიება დაიწყო” – ეს უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ოპოზიციონერი კოლეგების პასუხად განაცხადა.
უკრაინულ “ვიკილიქსზე” გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე საქართველოში დაწყებული გამოძიების საკითხს ბიუროს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრები შეეხნენ. მათი განცხადებით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე საქმე რუსეთის მიერ კონტოლირებად ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაზე დაყრდნობითაა აღძრული. დეპუტატმა გიგი წერეთელმა უსუფაშვილს მიმართა, ჩაერთოს საქმეში და გაერკვეს, კონკრეტულად რაზე მიდის ძიება.
“მე ნამდვილად თავს შევიკავებ სადმე დარეკვისგან და იმის გარკვევისგან, რას იძიებენ და რატომ იძიებენ. არა მგონია, ეს ჩემი, ან თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში შედიოდეს, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ამის მოკითხვა. ამასობაში, დარწმუნებული ვარ, თუ მსგავს გამოძიებას საფუძვლად უდევს, ის დოკუმენტი, რომელზეც თქვენ მიანიშნეთ, ეს ძალიან მალე გამომზეურდება და ეს რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად დამაზარალებელი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ასეთ დოკუმენტზე ასეთი გამოძიება დაიწყო. თუ სხვა საფუძველი აქვთ, ესეც მალე გამოჩნდება. მთავარია გამოძიება, სასამართლოს წარმართვა იყოს გამჭირვალე და არ დაირღვეს არავის უფლება. სისხლის სამართლის საქმის აღძვრით არავის უფლება არ ირღვევა. მთავარია პროცესში ეს უფლება არ დაირღვეს”, – განაცხადა უსუფაშვილმა ოპოზიციონერი კოლეგების საპასუხოდ.