ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ოჯახის და ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, მოგვცენ ჩანაწრი, რომელ საათზე, რა დროს გამოდის აღნიშნული ჯიპები სამხედრო ბაზიდან” – რამიშვილი

პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ვიდეომასალა არასრულია – ამის შესახებ, დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოჯახი მოითხოვდა, რომ ერთი კვირის მანძილზე 3 ჯიპის გადაადგილების სრული მარშუტის ამსახველი ჩანაწერი ენახათ.

„გამოძიებამ მოგვაწოდა შემდეგი ინფორმაცია, რომ აღნიშნული სამი ჯიპი რუსთავიდან, სამხედრო ბაზიდან მოდიოდა. მათი მარშრუტი იყო შემდეგი-ისინი ყოველდღე მიდიოდნენ შავნაბადის სამხედრო ბაზაზე და გარკვეული დროის შემდეგ რუსთავში ბრუნდებოდნენ. მოვითხოვე, ერთი კვირის მანძილზე, რუსთავიდან შავნაბადის სამხედრო ბაზაზე მათი შესვლისა და გამოსვლის მასალა გამოთხოვილი ყოფილიყო და ნათლად გვენახა, თუ რა პერიოდი დასჭირდებოდა ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ისინი თანახმა იყვნენ. დაპირების თანახმად, ეს ვიდეოჩანაწერი გამოთხოვილი უნდა ყოფილიყო. ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვიყავით.

ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რაში დასჭირდა პროკურატურას, რომ მაინც და მაინც ეს პატარა მონაკვეთი ენახებინა, თუ როგორ შედიან ბაზაზე. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც პირდაპირ ტაბახმელის გზით უკავშირდება მაწევანს. არის გადასასვლელი, ძალიან მარტივი გზა, რომელიც პირდაპირ მაწევანში ჩადის. ჯიპს ყველაზე მარტივად შეეძლოთ ჩასულიყო მაწევანში. აქედან გამომდინარე, დამატებით ვსვამ კითხვებს, სად არის ჩანაწერები, საიდანაც ნათლად გამოჩნდება, რა მარშრუტი, რომელი გრაფიკით გადაადგილდება რუსთავის სამხედრო ბაზიდან, თუ არსესებობს რუსთავში ასეთი სამხედრო ბაზა. ჩვენ მოლაპარაკებული ვიყავით, რომ აღნიშნული ერთი კვირის მარშრუტი პირადად უნდა მენახა.

ოჯახის და ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, მოგვცენ ჩანაწრი, რომელ საათზე, რა დროს გამოდის აღნიშნული ჯიპები სამხედრო ბაზიდან და თუ არ გამოდის, მაშინ რამდენ ხანს რჩება 3 ჯიპი სამხედრო ბაზაზე. მეორე, რომელი და რა გრაფიკით გადაადგილდება რუსთავიდან აღნიშნული შავი ჯიპები შავნაბადის ტერიტორიაზე.

ვითხოვთ სატელიტურ სურათებს, რომელსაც დიდი ხანია უკვე ველოდოებით და ამავდროულად, ექსპერტიზის დასკვნას“, – განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ და აღნიშნული ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე. 

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.

მოგვიანებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, პროგრამისტის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

იტვირთბა....