გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში, მკვლელობაში ბრალდებულის ძმის, ვახო რევაზიშვილის თქმით, პროკურატურა საკუთარ აბსურდულ ვერსიას იმიტომ ამტკიცებს, რომ ტრაგედიის დღიდან, შეიქმნა საზოგადოებრივი წარმოდგენა, რადგან “კამრის“ მგზავრები იქ იყვნენ, ე.ი. ბიჭი მათი მოკლულია. ამის შესახებ მან “რადიო თავისუფლებას” განუცხადა. იგი დარწმუნებულია, რომ მისი ძმა უდანაშაულოა.
„ერთ ადამიანსაც კი ვერ მოძებნით, ვისთვისაც ჩემს ძმას როდესმე შეურაცხყოფა მიუყენებია ან ხელი დაურტყამს. უკონფლიქტო ადამიანია. ძალიან კომუნიკაბელურია. ბევრი ნაცნობი ჰყავს, მეგობარი. დასაქმებულია, ცოლი ჰყავს, ორი შვილი და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ უცნობი ადამიანების გამო, მთელ ცხოვრებას დაინგრევდა და ასეთ საშინელ დანაშაულს ჩაიდენდა? ის, რასაც ჩემი ძმა ყვება, ასახულია გარე-კამერების მიერ დაფიქსირებულ კადრებში.
იქ კარგად ჩანს, რომ 10-15 მეტრის გარბენის შემდეგ, ის და არჩილ გაგნიძე აღარ გარბიან, ჩერდებიან და სწრაფი ნაბიჯით აგრძელებენ ხიდზე გადასვლას. ჩანაწერებში ჩანს ორი ჩრდილი, რომელიც ხიდზე გადადის. პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ ჩემს ძმას ხიდი არ გადაუკვეთავს და შაქარაშვილს გზა წინიდან მოუჭრა.
ჩემმა ძმამ მითხრა, გზაზე მოძრაობა იყო, ტრაილერები გადაადგილდებოდნენ, შემეშინდა, ვინმეს რამე არ მოსვლოდა, გავჩერდით და ვეძახდით, რომ ისინიც გაჩერებულიყვნენო.
ჩვენ ამ პროცესს ორ თვეზე მეტია თვალს ვადევნებთ. მრცხვენია, როდესაც ჩემი გამოსვლით და ინტერვიუებით, მდგომარეობას ვუმძიმებ გარდაცვლილის ოჯახს, მართლა მრცხვენია, მაგრამ სხვა გზა არ დამრჩა. ჩემი ძმის უდანაშაულობა არ ვამტკიცო, როდესაც 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ის უდანაშაულოა? მეც ხომ უნდა ვთქვა ჩემი სათქმელი. მთელი ამ ხნის განმავლობაში, არ გვძინავს.
გამუდმებით ვფიქრობთ, რა მოხდა, რა დაემართა ბავშვს, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმის რესურსი, რომ ეს ამბავი ჩვენი ძალებით გამოვიძიოთ. ჩვენ უძლურები ვართ, სიმართლე გამოვარკვიოთ.
პროკურატურა კი საკუთარ აბსურდულ ვერსიას ალბათ იმიტომ ამტკიცებს, რომ ტრაგედიის დღიდან, შეიქმნა საზოგადოებრივი წარმოდგენა, რომ რაკი „კამრის“ მგზავრები იქ იყვნენ, ე.ი. ბიჭი მათი მოკლულია.
თუმცა, მას შემდეგ, რაც გამოძიება ჩატარდა, დარწმუნებული ვარ, პროკურატურამაც კარგად იცის, რომ ეს სიმართლე არ არის. იმ ღამეს, იქ, ბევრი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო, თუნდაც „კამრის“ ეპიზოდის შემდეგ, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ, რას ნიშნავს და როგორი შეგრძნებაა, როდესაც დანაშაულს გაბრალებენ და ამიტომ, ხელს ვერავისკენ გავიშვერ.
თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი ეჭვები გვაქვს. საქმეში ძალიან ბევრი კითხვაა. ამას ახლა ისიც დაემატა, რომ გამოძიებამ ადვოკატებს ახალ მასალებზე გაუთქმელობის პირობაზე მოაწერინა ხელი. მკვლელობაში დებენ ბრალს ჩვენი ოჯახის წევს და ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ გავიგოთ, რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში იმისა, რომ ჩემი ძმა დამნაშავეა“- განაცხადა ვახო რევაზიშვილმა.