თუმცა, პრემიერი და ვიცე-პრემიერი ისევ “გაზპრომზე” საუბრობენ
საქართველოში „გაზპრომთან“ დაკავშირებული საკითხები კვლავაც აქტუალურია. ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახი კალაძე კვლავ ცდილობს გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაში დაგვარწმუნოს. კალაძე ასევე თვლის, რომ საქართველოსთვის საჭირო გაზის დამატებითი მოცულობის შევსება აზერბაიჯანიდან ვერ მოხერხდება. თუმცა, “მეტრონომ ჯი”-მ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა “სოკარის” გენერალური დირექტორის კომენტარი, სადაც იგი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანს შესწევს ძალა მთლიანად მოამარაგოს საქართველოს მოსახლეობა.
“გაზპრომთან მოლაპარაკებები წინა ხელისუფლების დროსაც მიდიოდა” – აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი.
განსხვავებულია, პრემიერ-მინისტრის განცხადებები. ღარიბაშვილი ამბობს, რომ საუბარია მხოლოდ ტრანზიტზე და არა „გაზპრომის“ შემოსვლაზე საქართველოში.
„მეტრონომ ჯი“ დაუკავშირდა „საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელს, რომან გოცირიძეს.
„როდესაც საუბარია აზერბაიჯანულ გაზზე, ეს არასწორი ფორმულირებაა. გაზი მოიპოვება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მაგრამ მას ჰყავს ორი პატრონი, ერთი აზერბაიჯანი, რომელიც „სოკარის“ მეშვეობით საქართველოში ყიდის გაზს და მეორე – „შაჰდენიზი“, რომელიც მოიპოვებს გაზს და გაატარებს საქართველოს ტერიტორიაზე.“ „შაჰდენიზი 2″ -ის მშენებლობა 2018 დასრულდება და საქართველო გაზის ნაწილს უფასოდ მიიღებს, დანარჩენს კი შეღავათიან ფასში.“
კალაძის მთავარი არგუმენტი მზარდი მოხმარებაა. რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ შაჰდენიზ- 2“, მზარდი მოხმარების მხრივ, ამ გამოწვევასაც უპასუხებს, ანუ ის შეძლებს სრულად მოამარაგოს ბუნებრივი აირით საქართველო.
„გაზპრომთან“ დაკავშირებულ საკითხებს საერთაშორისო პრესაც ეხმაურება. „James Town Foundation“ – ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც საუბარია საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე.
„საქართველოს არ გააჩნია ბუნებრივი აირი და მთლიანად იმპორტირებულ აირს მოიხმარს. აქედან გამომდინარე, საიდან მიიღებს ქვეყანა გაზს ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დღეს ხელისუფლება მართავს მოლაპარაკებებს გაზპრომთან, გაუგებარია ამგვარი საქციელი, რადგან რუსეთი არ არის სტაბილური პარტნიორი და მეტიც ის ხშირად გაზს იყენებს ზეწოლის იარაღად მომხმარებელ ქვეყნებთან. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი უკრაინა და ევრპოკავშირია. ამის გამო, ევროპის კავშირი ცდილობს შეამციროს დამოკიდებულება რუსულ გაზზე.“ – წერს გამოცემა.
მარიამ ვარადაშვილი