რა ბედი ეწია 150 ირანელ ბიზნესმენს, რომლებსაც 2 წლის წინ ანგარიშები დაუყადაღეს?
„საქართველო აღრმავებს ეკონომიკურ ურთიერთობებს ირანთან“ – წერს „New Eastern Europe“ -ის გამოცემა. სტატიის ავტორი საქართველო – ირანის ეკონომიკურ ურთიერთობებსაც მიმოიხილავს.
2011 წელს საქართველომ უვიზო მიმოსვლა აამოქმედა ირანთან. შედეგად, იმ წელს ირანელი ვიზიტორების რიცხვი გაიზარდა. თუ 2010 წელს ქვეყანაში ირანდიდან შემოვიდა 21 300 ტურისტი , 2012 წელს მათმა რიცხვმა 89 600 მიაღწია.
იმავე წელს (2011) საქართველოში 1 489 ირანული ბიზნესკომპანია გაიხსნა, მაშინ როცა 2010 წელს მათი რიცხი სულ 84 შეადგენდა .
2013 წელს მოულოდნელად გაუქმდა უვიზო მიმოსვლა ირანთან, მეტიც 150 ირანელ ბიზნესმენს საბანკო ანგარიშები გაუყინეს.
ევროპული გამოცემა საქართველო-ირანის ამ ურთიერთობებს ძირითადად საგარეო ჭრილში განიხილავს.
2013 წლის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას ირან-საქართველოს შორის და აშშ- ს მიერ დაწესებული სანქციები ერთმანეთს ემთხვევა.
დღეს მსოფლიოს დამოკიდებულება ირანთან რადიკალურად შეიცვალა. 2015 წლის 14 ივლისს ირანთან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ხელმომწერ მხარეებს შორის არიან თითქმის ყველა წამყვანი სახელმწიფო: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ჩინეთი. ხელშეკრულების იმპლემენტაციის პერიოდად სახელდება 2016 წლის დასაწყისი.
რა ხდება დღეს თბილისში?
ირანსა და დიდ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დათბობას ოფიციალურ თბილისშიც გამოეხაურნენ. „საქართველო მხოლოდ დასავლეთისკენ არ იყურება“ – განაცხადა პრემიერ მინისტრმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უფრო კონკრეტული იყო საკითხის განხილვისას. როგორც მინისტრმა განაცხადა, მთავრობა იმედოვნებს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ირანთან. თანამშრომლობის ძირითად სფეროებად თბილისში კვლავ მანქანების რეექსპორტი და ტურიზმი ესახებათ.
„მეტრონომ ჯი“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, დავით ზალკანიანს დაუკავშირდა. მისი განცხადებით ირანთან უვიზო მიმოსვლის შემოღება აუცილებლობით იყო გამოწვეული. ჩვენს კითხვაზე გვავალდებულებდა თუ არა ასოცირების ხელშეკრულება სავიზო რეჟიმის გამკაცრებას გარკვეულ სახელმწიფოებთან, ზალკანიანი უარყოფს. თუმცა იგი განმარტავს, რომ ვიზალიბერალიზაციაზე მიმდინარე მოლაპარაკება გულისხმობდა სავიზო რეჟიმის რეგულარიზაციას.
„საქართველო-ირანს შორის ურთიერთობების დარეგულირება “5 +1“ ხელშეკრულების დადებამდე დაიწყო“ – აცხადებს ყოფილი დიპლომატი. მისივე თქმით გარკვეული კავშირი შესაძლოა არსებობდეს საერთაშორისო დოკუმენტსა და თბილისის პოზიციას შორის, რადგანაც ნებისმიერი ქვეყანა გარკვეულ საერთაშორისო ვითარებაში ცხოვრობს -აცხადებს ზალკანიანი.
ჩვენ ასევე დავინტერესდით 150 ირანელი ბიზნესმენის შესახებ, რომლებსაც იმ პერიოდში დაუყადაღეს ანგარიშები. შეგახსენებთ, რომ მაშინ ბატონი დავითი მაშინ ხელისუფლებას წარმოადგენდა. ეს შეკითხვა მას საკმაოდ სერიოზულად ეჩვენა. მისი თქმით, მსგავსი საკითხებით გამოძიება უნდა დაინტერესებულიყო, თუმცა როგორც საუბარში გაირკვა ის ფლობდა ამაზე ინფორმაციას და ერთ-ერთი ბანკიც ახსენა, მაგრამ „მეტრონომ ჯი“ -სთან ბატონმა ზალკანიანმა ამ ბანკის სახელი ვერ გაიხსენა.