შატილის საბედისწერო ტურს ცოცხლად სამი ადამიანი გადაურჩა.
23 წლის ხატია დევსურაშვილი, რომლის და – მედეა ავტოკატასტროფას ემსხვერპლა, თამარ არღვლიანი და ნატა თხელიძე, ამ დროისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობენ.
როგორც კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი აცხადებს, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
“სამივე პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. ბოლო რამდენიმე საათია უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება, პირიქით, ჰემოდინამიკის პარამეტრები სტაბილური ხდება, წინა რამდენიმე საათთან შედარებით.
ერთი პაციენტის მდგომარეობა ფასდება მძიმედ, მაგრამ ვინაიდან უარყოფითი დინამიკა არ გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ დადებით დინამიკას უნდა ველოდოთ. იმის მიუხედავად, რომ უამრავი გართულება შეიძლება წამოვიდეს ამ პაციენტებთან, მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ, რომ გამოჯანმრთელების პროცესი დაიწყოს რაც შეიძლება მალე”, – განაცხადა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.