19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ნიკა რევაზიშვილმა ოჯახს წერილი მიწერა, რომელსაც “რუსთავი 2” ასაჯაროებს.
რევაზიშვილი წერილში წერს, რომ შაქარაშვილის საქმეში ის დამნაშავე არ არის და როგორც ბრალდებული აღნიშნავს, შაქარაშვილების ადგილას ” ექვსივეს დაწვის კი არა, მანქანის დაწვის სურვილიც ექნებოდა.”
“რომ გითხრათ კარგად ვარო, დამიჯერებთ?- მაგრამ მინდა იცოდეთ რომ კარგად ვარ. რასაც ვიძახი არაფერს ვიტყუები. თუ ვინმე იტყუება, საბედნიეროდ, თუ სამწუხაროდ არ ვიცი, თორემ სხვანაირად მოვიქცეოდი ჩვენ ქვეყანაში. ქვეყანას შეგნებულად ვიძახი, რადგან ქვე-ყანაა და არა სამშობლო. შაქარაშვილების ადგილას რომ წარმოვიდგინო თავი, ექვსივეს დაწვის კი არა, მანქანის დაწვის სურვილიც მექნებოდა. უბრალოდ მინდა სიმართლე იცოდეს ყველამ. ოჯახმაც გაიგოს და გაიაზროს რისი გულისთვის უნდა ვიჯდე 17 -10 ან თუნდა 6 წელი. ეს ფიქრები მაგიჟებენ. მეტი არაფერი“,- წერს რევაზიშვილი.
გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.