ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე, სოციალურ ქსელში, 12 წლის წინ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებას ეხმაურება:
“12 წლის წინ, ამ დღეს რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად.
მაშინ გაჩნდა ახალი საფრთხე – რომ რუსეთის ზეწოლის შედეგად მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც აღიარებდნენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.
კარგად რომ გვესმოდეს მაშინ რა ვითარება იყო მსოფლიოში. კოსოვოს ახალი გამოცხადებული ჰქონდა დამოუკიდებლობა და 80-მდე ქვეყანას ჰყავდა აღიარებული. რუსეთი იმუქრებოდა, რომ კოსოვოს მოუწყობდა დასავლეთს აფხაზეთის სახით.
მერე დაიწყო ნერვების და დიპლომატიის ომი. მოგვიწია თითქმის ყველა ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების დამყარება. მოგვიწია აზიაში, აფრიკაში, ოკეანეთში, სამხრეთ ამერიკაში და კარიბის აუზში დიპლომატების მივლინება. მოგვიწია ახალი საელჩოების გახსნა. მოგვიწია დიპლომატიური ძალისხმევების გაათმაგება და საერთაშორისო ორგანიზაციებში ყურადღების გაასმაგება. ასევე დავიწყეთ საკმაოდ კრეატიული და ახალი მიდგომების გამოყენება პოტენციური საფრთხის მატარებელი ქვეყნების შესაჩერებლად.
ჩვენი შექმნილი გაიდლაინი, რა უნდა გააკეთო, როდესაც აღიარების საფრთხე დგება დღემდე მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ამ შრომის შედეგი ბოლო 12 წლის განმავლობაში არის ის, რომ ჯამში რუსეთმა მხოლოდ ნაურუს, ვენესუელას, ნიკარაგუას და სირიას აღიარებინა აფხ. და სო-ს დამოუკიდებლობა. ეს ქვეყნების მალევე შეიცვლიან პოზიციას, როგორც კი იქ მოქმედი რეჟიმები შეიცვლება. ტუვალუმ და ვანუატუმ კი ჯერ აღიარეს, მერე კი უკან წაიღეს აღიარება. აფხაზეთი და სო ვერც ერთი ორგანიზაციის წევრი ვერ გახდნენ, თუ არ ჩავთვლით დომინოს საერთაშორისო ფედერაციას.
ანუ რუსეთმა ეს დიპლომატიური ომი პირწმინდად წააგო.
წააგო პატარა ქვეყანასთან, რომელსაც ჰქონდა სამართლებრივად დასაბუთებული და მორალურად გამართული პოზიცია, ჰყავდა კარგი მეგობრები, ჰქონდა პროფესიონალური დიპლომატიური სამსახური და გააჩნდა სწორი დიპლომატიური სტრატეგიის პოლიტიკურ დონეზე შემუშავების უნარი.
მე მინდა, რომ ასე დავიმახსოვროთ ეს პერიოდი. ერთმანეთისკენ თითის გაშვერის და “ომი შენ დაიწყე” ყვირილის გარეშე. იმიტომ, რომ ეს არის ზუსტი ისტორია.
ამ ისტორიის შემდეგი ფურცელი იქნება რუსეთის შეჩერება ანექსიისგან. მაგის შემდეგი კი რუსეთის მიერ აღიარების უკან წაღება.
ამასაც მალე მოვესწრებით,”- წერს ის.