ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში COVID-19-ის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
როგორც გურული წერს,
“კორონა არ არის გრიპი!
კორონა ძალიან რთული, ვერაგი და საშიში დაავადებაა. კორონას შეუძლია იმოქმედოს აუტოიმუნური დაავადების მსგავსად; ანუ შენი საკუთარი თავდაცვის სისტემა შენს წინააღმდეგ შემოაბრუნოს და საკუთარი “ხელით” მოგსპოს. კორონას შეუძლია ორგანიზმის სისხლძარღვთა სისტემის ტოტალური ანთება გამოიწვიოს და ვინაიდან სისხლძარღვები ყველა ორგანოშია, ყველაფერი დააზიანოს. კორონა ჯერჯერობით ვერავინ შეისწავლა ბოლომდე; მხოლოდ ზოგადი კანონზომიერებებია დადგენილი. კორონამ შეიძლება სუსტი და ავადმყოფი დაინდოს, მაგრამ ძლიერი მოსპოს. კორონა ხშირად ალოგიკურად მოქმედებს. ერთი წამალი ვერ მოერევა კორონას, რადგან არავინ იცის რა მიმართულებით შეუტევს ორგანიზმს. არც ის იცის ვინმემ, რამდენად დაცული ხარ კორონას გადატანის შემდეგ, ან რამდენი ხნით და რა გელის, თუ მეორეჯერ შეგეყრება.
კორონას გავრცელების კონტროლი ძნელია, რადგან ძნელია მისი ლოგიკის გაგება. უცებ ვერავინ მიხვდება მის კანონზომიერებებს; დაკვირვება სჭირდება, ბევრი ინფორმაციის მოგროვება და გაანალიზება. ყველა ქვეყანაში განსხვავებული სპეციფიკა აქვს კორონას გავრცელებას და არცერთ ქვეყანას არ გამოადგება ერთმანეთის მაგალითი, რადგან კორონა მხოლოდ ადამიანის ორგანიზმს არ უტევს, ის ადამიანის შექმნილ ყველა სისტემას უპირისპირდება, სამოქალაქო და პოლიტიკური ინსტიტუტების ჩათვლით. კორონამ სასაცილოდ აიგდო მსოფლიო ინტელექტი და სრულ ქაოსში ამყოფებს.
ამავე დროს, ალოგიკურად მსუბუქიცაა კორონა. ზოგჯერ არც ისე იოლად ვრცელდება; არც მძიმედ მიმდინარეობს; პრაქტიკულად უსიმპტომოდ ჩაივლის. არც ბევრს კლავს. ამიტომ, ადვილად აქრობს მასობრივ შიშს კორონა; დაუჯერებელს ხდის საკუთარ ლეტალობას; არამარტო ლეტალობას, საკუთარ არსებობასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ძალიან სჭირდება ეს ტაქტიკა კორონას. ადამიანები უნდა დაჰყოს და ერთმანეთის წინააღმდეგ მიმართოს. და მერე იწყება დაუსრულებელი კამათი უპასუხო კითხვებითა და უარგუმენტო მტკიცებულებებით. შიში კი თან კლებულობს და თანაც უფრო ძლიერდება. ვისაც კორონას სრული პოტენციის აღქმა შეუძლია, ის ვერ დამშვიდდება, რადგან არავინ იცის ზუსტად, თუ რა გართულების “ჩახმახი” შეიძლება გახდეს კორონავირუსი. ვერც მისი ვერაღმქმელნი დამშვიდდებიან, რადგან უკონტროლო შიში სხვა გზით მოსპობს ადამიანს, შიმშილით, უიმედობით, ქაოსით…
კორონასთან ბრძოლას აზროვნება და აზრიანი, მოქნილი გონების ადამიანები სჭირდება, რომლებსაც უაღრესად დინამიური სიტუაციის მიმართ სწრაფი ადაპტაცია შეუძლიათ. შეუძლებელია ეფექტური ბრძოლა, თუ სრული ინფორმაცია არ გაქვს ხელთ; სრული, ობიექტური ინფორმაცია. კორონა ბევრნაირად კლავს და უფრო მეტს კლავს მაშინ, როცა ინტელექტუალურ ბრძოლაში უგებს ადამიანთა სამყაროს. რაც უფრო “სულელია” ქვეყნის კოლექტიური გონი, მით უფრო მომაკვდინებელი არის და იქნება კორონა. პრიმიტიული ჩაკეტვა-იზოლაცია კორონას მხოლოდ ერთ, პირდაპირ კლინიკურ ეფექტს გააკონტროლებს, მაგრამ ბევრად უფრო გააძლიერებს ირიბ ეფექტებს. თუ კორონა დიდხანს გაგრძელდება უკონტროლოდ, მასობრივი ფსიქოზები და აგრესიაც გარდაუვალი იქნება და ამის თავიდან აცილებას მხოლოდ ძალიან “გონიერი”, მოაზროვნე ქვეყნები შეძლებენ.
ბალანსი, შიშსა და სიფრთხილეს შორის გონივრული, მოზომილი ლავირება არის ერთადერთი ყველაზე ეფექტური იარაღი კორონას წინააღმდეგ. ერთადერთი ამჟამად.
მალე გამოჩნდება რა საბოლოო გეგმები აქვს მიკროსამყაროს და რა პოტენციას ფლობს მაკროსამყარო. სამყაროთა ომი გრძელდება…”, – წერს ზურაბ გურული.