როგორც თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია ამბობს, პოლიცია ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმირებული იყო. მისივე თქმით, პოლიცია ოჯახში ძალადობის გამო არაერთხელ იმყოფებოდა.
“ჩემ შვილს დავურეკე, ტიროდა დედა, ბავშვი მირეკავდა, მიშველე, მამა დანით დამსდევს მოსაკლავადო. ბიძამისი ამბობს, რომ ყოველ ღამე, როცა მთვრალი იყო, აფეთქებული იყო ტელეფონი, რეკავდა, ბიძია მიშველე, ბიძია მიშველე, მეუბნებოდაო.
იმ ოჯახში რაც ხდებოდა ძალიან კარგად იცოდა პოლიციამ. ათასჯერ მივიდა პოლიცია სადისტური მოპყრობის გულისთვის. ღამე გამოიქეცი, დამირეკე მე შენთან გავჩნდები მაშინათვეთქო, მერე შენ მოგკლავსო ასე მეუბნებოდა, დეიდასთან რომ მივიდე იმას მოკლავსო” – ყვება გარდაცვლილი მოზარდის ბებია.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 23 აგვისტოს 11 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს.
სამართალდამცველებმა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ბავშვის მამა დააკავეს. მათი ცნობით, ბრალდებული შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვნის თვითმკვლელობა გამოიწვია.