მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი, დევიდ კრამერი რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესის შესახებ
“ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბარში ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსის” ყოფილმა პრეზიდენტმა და ადამიანის უფლებების მიმართულებით “მაკეინის ინსტიტუტის” დირექტორმა, დევიდ კრამერმა განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი მხოლოდ ლეგალური დავის შთაბეჭდილებას არ ქმნის.
“საქმეს პოლიტიკური თამაშების სუნი ასდის. “რუსთავი 2” დამოუკიდებელი ტელეკომპანიაა, რომელიც შეიძლება “ნაციონალური მოძრაობისკენ” იხრებოდეს, მაგრამ ის დამოუკიდებელი ტელევიზიაა და რომელ მხარესაც უნდა, იმ მხარეს გადაიხრება. პრესის თავისუფლება სწორედ ეს არის. მთავრობის მხრიდან ძალიან ბევრი თავდასხმა იყო განხორციელებული “რუსთავი 2”-ის, როგორც “ნაციონალური მოძრაობის რუპორის” წინააღმდეგ. ეს არავის ეხმარება. დარწმუნებული ვარ, ობამას ადმინისტრაციას არ მოსწონს, რასაც მასზე “ფოქს ნიუსი“ ამბობს, მაგრამ ისინი ტელეარხს ან რესპუბლიკურ პარტიას კრიმინალურ ორგანიზაციას არ უწოდებენ. მთავრობამ მშვიდი დამოკიდებულება უნდა შეინარჩუნოს და, ამასთან, საპროტესტო დემონსტრაციებიც მშვიდობიანი მეთოდებით უნდა გაიმართოს”, – ამბობს კრამერი და დასძენს, რომ ისეთ დროს, როცა საზოგადოება პოლარიზებულია, სიტუაციის განმუხტვაზე პასუხისმგებლობა მთავრობის აკისრია. განცხადებები, რომ “ნაციონალური მოძრაობა” კრიმინალური ჯგუფია და პროცესებში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეს, დაპირისპირებას კიდევ უფრო აღრმავებს.
“ძალადობა საქართველოში არავის სურს. პრემიერ-მინისტრის განცხადება დაძაბულობას ამწვავებს. პრეზიდენტის მიერ ყველასთვის სიმშვიდისა და სასამართლოსთვის გარე ფაქტორების გათვალისწინებისკენ მოწოდება კონსტრუქციული იყო. მართალი გითხრათ, გამიკვირდა, რომ საქართველოს საელჩომ ვაშინგტონში პრესრელიზი გამოაქვეყნა, სადაც მხოლოდ პრემიერ-მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის განცხადებები იყო მოთავსებული და პრეზიდენტის განცხადება ნახსენები არ ყოფილა. ეს ის სიტუაციაა, როცა ყველამ სიმშვიდე და საღი აზრი, ხოლო მთავრობამ განსაკუთრებული მგრძნობელობა უნდა გამოიჩინოს”, – განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა.
მისი აზრით, “რუსთავი 2”-ის სასამართო პროცესი, აგვისტოში კომპანიის აქტივების გაყინვა, ასევე გასულ წელს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის მკვლელობა, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე დადებითად არ მეტყველებს.
“მიმდინარე მოვლენები იმათ წისქვილზე ასხამს წყალს, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება. ისინი იტყვიან, რომ საქართველო ნატო-სთვის მზად არ არის; როგორ უნდა დავიცვათ ქვეყანა, სადაც ასეთი პოლიტიკური ქიშპობა მიმდინარეობს. ეს ევროკავშირთან ურთიერთობასაც დააზიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის და ასოცირების შეთანხმებას ხელი მოეწერა, ჯერ ისევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. რაც უფრო მეტად ემსგავსება საქართველო ქვეყანას, სადაც შიდაპოლიტიკური ვითარება ნებისმიერ წუთს შეიძლება აფეთქდეს, მით უფრო მეტ მხარდამჭერს დაკარგავს საქართველო დასავლეთში. ეს არავის აწყობს გარდა ერთი ადამიანისა და ეს ადამიანი ბატონი პუტინია”, – ამბობს დევიდ კრამერი.