“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც “პატრიოტთა ალიანსის” შესახებ, რუსული გამოცემის ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც დეკანოიძე წერს, აღნიშნული პარტია, ღია პუტინსტური ძალაა და არჩევნებში პუტინის პირდაპირ ჩარევას უზრუნველყოფს.
“პატრიოთა ალიანსი ღია პუტინსტური ძალაა და ჩვენს არჩევნებში პუტინის პირდაპირ ჩარევას უზრუნველყოფს (დოკუმენტაციითაც დასტურდება). ამ ძალას ხელს უწყობს ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმი, აძლიერებს და იყენებს საკუთარი ანტიდასავლური პროპაგანდისთვის. დემოკრატიის ყველა პრინციპის დაცვითაც, გულწრფელი შეკითხვა მაქვს: პუტინის დაფინანსებული პარტია, რომელიც ყველა არხს იყენებს კრემლის პოზიციების გაძლიერებისთვის და ზემოქმედებას ახდენს ამომრჩეველზე – უნდა მონაწილეობდეს თუ არა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში. ანუ, პუტინი უნდა მონაწილეობდეს თუ არა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში.. სუსი პოლიტიკურ პარტიებს დასდევს და საქართველოს მტრების გავლენა არ აინტერესებს. საქართველოს არჩევნებში პუტინის პარტია და კრემლის ფინანსური რესურსი არ უნდა მონაწილეობდეს. ესაა ჩემი მოსაზრება..”, – წერს დეკანოიძე.
ცნობისთვის, რუსული მედიის “დოსიეს” ინფორმაციით, 8 მილიონი გამოიყო იმისთვის, რომ “პატრიოტთა ალიანსის” პიარკამპანიამ წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი მოიზიდოს. მათივე ცნობით, კრემლმა სერგეი მიხეევი დაიქირავა იმისათვის, რომ ირმა ინაშვილის საარჩევნო პიარკამპანიას გაუძღვეს. როგორც ცნობილია სერგეი მიხეევი კავკასიის რეგიონში აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში პრორუსული ძალების დასახმარებლად.