აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაას“ განცხადებით, პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის პრეზიდენტის თანაშემწეს ლაშა საქანიას შეხვდა და ამ შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „არუაა“ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან ინაშვილის შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას მოითხოვს.
როგორც მათ განცხადებაში წერია, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 18 აგვისტოს აფხაზეთში, გალის რაიონში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის პრეზიდენტის თანამშემწე ლაშა საქანიასთან „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა ფარული შეხვედრა გამართეს.
„ჩვენ ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ უახლოეს მომავალში არ გავრცელდება ინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ პარლამენტის წევრებს ვთხოვთ, მიმართონ ოფიციალურად შესაბამის სტრუქტურებს, რათა დაადგინონ ამ შეხვედრის მიზეზები და გამართონ მოსმენები შესაბამის კომიტეტში“ – ნათქვამია „არუას“ განცხადებაში.
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზი “მეტრონომისთვის” გახდა ცნობილი. პარტიასთან დაახლოებული პირი გვიყვება, რომ ეს ვიზიტი წინასაარჩევნო პიარკამპანიის ნაწილია, რომ ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი მიიზიდონ. როგორც წყარო ამბობს, ზუსტად იცის, რომ ამ საქმეში “პატრიოტთა ალიანსს” რუსეთის ხელისუფლება ეხმარება და არ გამორიცხავს, რომ ამ ყველაფერში “ქართული ოცნებაც” ერიოს.
“უკომენტაროდ, უკომენტაროდ” – გვითხრა “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ლომიამ.

