მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და დასახლებაში დღეიდან საკარანტინო შეზღუდვები იხსნება, თუმცა, ეს არ ეხება მესტიასა და სოფელ ლენჯერს. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 19 აგვისტოს სხდომაზე მიიღო. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდვების დაწესებიდან დღემდე, ეფექტიანი და დროული ღონისძიებები განხორციელდა, მათ შორის ჩატარდა მოსახლეობის ინტენსიური ტესტირება, რის შედეგადაც შეიძლება ითქვას, რომ ადგილზე ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
მათივე ცნობით, მიმდინარე კვლევების გათვალისწინებით, საკარანტინო შეზღუდვები დროებით ნარჩუნდება დაბა მესტიასა და ლენჯერში, თუმცა ეს საკითხი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად გადაიხედება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საბჭოს სხდომაზე თქვა, რომ ამ დროისთვის საქართველოში ეპიდემიოლოგიური კუთხით, რჩება ოთხი საყურადღებო წერტილი – მესტია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, ქობულეთი და გარდაბანი-ყარაჯალარი.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ჯამში 3509 ადამიანი გამოიკვლიეს, დამატებით ტესტირება ჩაუტარდა 1246 მოქალაქეს, რომელსაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მესტიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი ჯამში 49 ადამიანს დაუდასტურდა.
ცნობისათვის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 10 აგვისტოს დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში მკაცრი რეგულაციები დაწესდა.