ახალი ამბები მთავარი

“არ მინდა, რაიმე მკვახე სიტყვა გამოვიყენო, ეს მკრეხელობაა” – ცერცვაძე ტიკარაძეს პასუხობს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას პასუხობს.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, მინისტრის განცხადება მკრეხელობაა.

“რაც შეეხება იმას, თუ ჩვენ პროგრამის დატოვება გვინდა, ორი თვით ადრე უნდა მიგვემართა, დავჯარიმდებოდით 10 პროცენტით და რაღაც, არ მინდა, რაიმე მკვახე სიტყვა გამოვიყენო, ეს მკრეხელობაა. მკრეხელობაა ჩვენი აქეთ არაფერში დადანაშაულება. ჩვენ პროგრამის დატოვება კიარ გვინდა, ჩვენ გვინდა, დაგვეხმარონ ამ პროგრამის შესრულებაში, ელემენტარული, მინიმალური პირობების შექმნაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ასეთ მდგომარეობაში რომ ვართ, იძულებული რომ ვართ, შევწყვიტოთ მომსახურება, ამაში ერთი პროცენტი არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა.მთლიანად, 100 პროცენტით ჯანდაცვის სამინისტროს, შესაძლოა, სხვა სტრუქტურების, შპს “ავერსის“ და სხვების პასუხისგებლობაა. ამას მე ძალიან იოლად დავამტკიცებ ნებისმიერ დროს და ნებისმეირ ფორმატში”, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ თენგიზ ცერცვაძეს პროგრამის დატოვებაზე სოციალური სააგენტოსთვის წერილით არ მიუმართავს.

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საავადმყოფომ 20 აგვისტოდან შეწყვიტა აივ/შიდსითა და კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების სტაციონარულად მკურნალობა, რის მიზეზადაც „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ პირობების არარსებობას ასახელებს.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრომ ინფექციურ საავადმყოფოს სასამართლოში უჩივლა. მისი თქმით, საჩივარი 2020 წლის თებერვლით თარიღდება და ეფუძნება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მომზადებული დასკვნას საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონასთან დაკავშირებით. “არაერთი წელია, კლინიკა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს  და სთხოვს, დაეხმაროს გადაუდებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარებაში”, – აღნიშნა ცერცვაძემ.

იტვირთბა....