“იაკობ ბრეგვაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება მოხდა, სადაც მიუთითებს, რომ მან დაინახა “ტოიოტა ქამრიდან” ჩამოსული სამი პირი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ ამ ადამიანებს. ჩვენ ინსცენირება მოვახდინეთ და დადასტურდა, რომ ბრეგვაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის ცრუ და ამის მერე მისი მიწოდებული ინფორმაცია ვერანაირ კრიტიკას გაუძლევბს. ამასთან, შემდეგი ექსპერიმენტით გამოირიცხა იმის შესაძლებლობა, რომ იმ ფერადი შენობიდან შეძლებდა დაენახა მომხდარი, მით უმეტეს პირების იდენტიფიცირებას.”
ვასილ მამულაშვილი – შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების არჩილ გაგნიძის ადვოკატი
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატებმა მცხეთაში, არაგვის ხიდთან დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედებები და ექსპერიმენტი ჩაატარეს. ადგილზე ჩატარდა ექსპერიმენტი, მათ შორის, დროის, რელიეფისა და ხილვადობის გათვალისწინებით.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს გაიმართება. პროკურატურამ „ტოიოტა ქამრის“ 5 მგზავრს ბრალი დაუმძიმა და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. გიორგი შაქარაშვილი 22 ივნისს ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს.