აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება – რუსული მხარე მოლაპარაკებების შედეგებით კმაყოფილია – მიხაილ გალუზინი

რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა მინსკში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

„შეთანხმების თანახმად, რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგი ახალ ფორმატში რეგულარულ საფუძველზე წარიმართება“, – აღნიშნა გალუზინმა.

მისი თქმით, რუსული მხარე მოლაპარაკებების შედეგებით კმაყოფილია. მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე აღინიშნა პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი იმ სფეროებში, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს.

„რუსულმა მხარემ წარადგინა ინფორმაცია იმ ზომების შესახებ, რომლებიც მიღებულია ჩვენი ქვეყნის ფართო ბაზარზე ქართული სასოფლო-სამეურნეო და ღვინის პროდუქტების მიწოდების შემდგომი გაზრდის მიზნით. ქართული მხარის ინიციატივით, შეთანხმება მიღწეულია საავტომობილო გადაზიდვებზე დამატებითი ნებართვების გაცემის შესახებ“, – აღნიშნა გალუზინმა.

მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეები მიესალმნენ სავაჭრო ბრუნვისა და ტურისტული ნაკადის სტაბილურ და დადებით დინამიკას, „რაც ორმხრივი ურთიერთობების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს“.

გალუზინის განცხადებით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები „იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და მათ უშუალო მეზობლებს ეკისრებათ“.

„ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში კავშირების ეტაპობრივი აღდგენისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერებისთვის“, – აღნიშნა გალუზინმა.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ბელარუს კოლეგებს რუსეთ-საქართველოს შეხვედრის „მაღალი დონის ორგანიზებისთვის“.

იტვირთბა....