მთავარი სამართალი

ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე არ შეუშვეს

“მოსამართლე არის დაქირავებული ბიძინა ივანიშვილის მიერ” – აცხადებს გვარამია

„რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ  დღევანდელ სასამართლო სხდომაზე არ დაუშვა.

„გვარამია ვერ შემოვა სხდომაზე, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და შეგიძლიათ გაასაჩივროთ“ – განაცხადა მოსამართლემ. ურთმელიძემ გვარამია სასამართლო სისტემის უპატივცემულობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, არ არის აუცილებლობა გვარამია დაესწროს პროცესს, რადგან ამით არ დაზარალდება მოპასუხის უფლებები.

“პროცესს იხილავს უნიჭო, უსინდისო, უყველაფრო ურთმელიძე”, – ეს განცხადება “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც მოსამართლემ ის სხდომათა დარბაზში არ შეუშვა.

“ადამიანი, რომელიც არ არის მოსამართლე, ის არის დაქირავებული ბიძინა ივანიშვილის მიერ. პროცესზე ზის როგორც ზონდერი. პროცესს არ იცილებს, ზის და საქმეს იხილავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მაკომპრომატებელი სიუჟეტები გადის “რუსთავი 2″-ზე. ეს არის კორუმპირებული, უვიციც, მოსამართლის გამოცდაც ეჭვის ქვეშ არის, რადგან მან გამოცდა მაშინ ჩააბარა, როდესაც ასლან აბაშიძემ ერთადერთი გამოცდა ჩაატარა და მაშინ ძირითადად ყველა თუ არა, ბევრმა მათგანმა გამოცდების ჩასაბარებლად ფული გადაიხადა. ვნახავთ, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სასამართლოს ეზოში ტელეკომპანიის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და ისინი ცდილობენ ამ ფორმით დაუჭირონ მხარი რუსთავი-2-ს.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიის მფლობელობაზე პრეტენზიას ქიბარ ხალვაში აცხადებს.

ამ დროისთვის“ რუსთავი 2 „- ში წილები ასე გამოიყურება: 2012 წლის ნოემბრიდან მოყოლებული ტელეკომპანია ძმებ ყარამანიშველების მფლობელობაშია. ლევან ყარამანიშვილი წილების 22% -ს ფლობს, გიორგი ყარამანიშვილი კი – 18%-ს. „რუსთავი 2″ -ის 51% -ს ტელეკომპანია „საქართველო“ ფლობს, რომლის 60% ლევან ყარამანიშვილს, 40% კი გიორგი ყარამანიშვილს მფლობელობაშია. დარჩენილი 9 % გიორგი გეგეშიძეს ეკუთვნის.

 

 

იტვირთბა....