პოლონეთის მთავრობამ მიიღო რეგულაციები, რომლებიც ბავშვებს ონლაინსივრცეში დაიცავს, მათ შორისაა სკოლებში სმარტფონების გამოყენების შეზღუდვა. პოლონეთის ციფრულ საკითხთა მინისტრის თქმით, რეგულაციები არასრულწოვნებს პორნოგრაფიული თემატიკის კონტენტისა და მავნე პირებისგან დაიცავს. ასევე, ახალი წესები უკანონო კონტენტის ონლაინსივრციდან სწრაფ წაშლას ითვალისწინებს.
ერთ-ერთი დადგენილება სწავლის განმავლობაში მოსწავლეების მიერ სმარტფონების გამოყენებას შეეხება. განათლების მინისტრი ბარბარა ნოვაცკა განმარტავს, რომ მომდევნო სასწავლო წლიდან სახელმწიფო თუ კერძო სკოლებს უფლება ექნებათ, სმარტფონები, პლანშეტები და მსგავსი მოწყობილობები მთელი სასწავლო დღის განმავლობაში, გაკვეთილებზეც და შესვენებებზეც აკრძალონ.
გათვალისწინებულია გამონაკლისებიც: ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შემთხვევები, ასევე სიტუაციები, როდესაც მასწავლებელი სწავლის პროცესში სმარტფონებს ჩართავს.
„გვინდა, ხელი შევუწყოთ სწავლაზე კონცენტრაციასა და თანატოლებთან ურთიერთობას და არა ეკრანებზე დამოკიდებულებასა და განუწყვეტელ შეტყობინებებს“, – განაცხადა ციფრულ საკითხთა მინისტრმა.

