ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

როდის ჩამოვლენ უცხოელი სპეციალისტები სამედიცინო ექსპერტიზის გასაცნობად – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განმარტება

“თვის ბოლოს უცხოელი სპეციალისტები იქნებიან მოწვეული საზღვარგარეთიდან. გაეცნობიან დასკვნებს. ყველაფერი იქნება ძალიან გონივრულ ვადებში. არ იქნება გაჭიანურებული. ნდობა იქნება მაშინ, როცა იქნება შედეგი. იქნება სამუშაო ჯგუფი ქალაქის პროკურატურაში შექმნილი. საუბარი იყო კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით. ვერაფერი შეუშლის ამ საქმეს ხელს. შუალედური დასკვნა იქნება უახლოეს დღეებში, ხოლო როგორც უკვე ვთქვი, თვის ბოლოს იქნებიან ჩამოსული ექსპერტები, რომლებიც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას გაეცნობიან.”

მიხეილ რამიშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პროკურატურაში შეხვედრა დასრულდა. გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ. როგორც მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, მიიღეს დაპირება, რომ ხვალიდან გენერალური პროკურატურა იქნება ის უწყება, რომელიც 23 წლის ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების საქმეს გამოიძიებს.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....