ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, არ იცოდა, თუ თამარ ბაჩალიაშვილი საზღვარგარეთ პოლიტიკური დევნილის სტატუსის მოსაპოვებლად წასვლას გეგმავდა.
„არ ვიცოდი, რომ თამუნა საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას” – ამბობს ბაჩანა ლობჟანიძე.
რაც შეეხება ბაჩალიაშვილის კუთვნილ მეხსიერების ბარათებს, ლობჟანიძე ერთმნიშვნელოვნად ვერ ამბობს, რომ 23 წლის ახალგაზრდა ქალი ე.წ. ფლეშკას თან ატარებდა, თუმცა აღნიშნა, რომ ახსოვს ბოლო პერიოდში გასაღებთან ერთად თან ჰქონდა.
„არ ვიცი რამდენი ფლეშკა ჰქონდა, მაგრამ გასაღებთან ერთად მახსოვს, რომ ბოლოს ერთი ფლეშკა ჰქონდა. კომპიუტერის ექსპერტიზაზე დასწრებისას ვნახე, რომ მხოლოდ თამუნას ლეპტოპი და დამტენი იყო” – თქვა ბაჩანა ლობჟანიძემ.
ცნობისათვის, გამოჩნდა ნორვეგიელი, რომელსაც ბაჩალიაშვილი პოლიტიკურ თავშესაფარზე ინფორმაციას თხოვდა.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.