ახალი ამბები კულტურა

უძველესი ქართული ხელნაწერები იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რვა უძველესი ხელნაწერი იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეიტანეს. რეესტრში შეტანილი ხელნაწერები ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში  ერთი დღით გამოიფინა.

ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილების უფროსი მანანა ჭუმბურიძე ამბობს, რომ  იუნესკოს მიერ ქართული ხელნაწერების მსოფლიო მნიშვნელობის დოკუმენტებს შორის შეტანა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ერონული არქივისთვის, ასე მთლიანად საქართველოსთვის.

“ორი წლის წინ იუნესკომ მსოფლიო მნიშვნელობის დოკუმენტებს შორის შეემატა ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიული ატლასი და საქართველოს ისტორია. წელს კიდევ 8 ხელნაწერი შევიდა, რომელიც მოიცავს მე-9- მე-14 საუკუნეებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამას მნიშვნელობას მატებს კიდევ ის, რომ პალიმფსესტებია შესული. ეს არის ტყავზე დაწერილი ორფენიანი ხელნაწერი. პალიმფსესტი არის გადაფხეკილ ტყავზე ხელმეორედ დაწერილი ხელნაწერი. ზედა ფენა ზოგიერთი ხელნაწერის არის XIV-XV საუკუნის, ხოლო ქვედა ფენა მოიცავს IX-X საუკუნეებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ხელნაწერები მოიცავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას და მნიშვნელოვან ეტაპებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესასწავლად”, – განაცხადა მანანა ჭუმბურიძემ.

ქართული ხელნაწერი იმ 47 კოლექციასა და დოკუმენტს შორის მოხვდა, რომელიც რეესტრს 2015 წელს შეემატა. იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეტანილი და საერთაშორისო დონეზე დაცულია ეროვნული არქივის მიერ წარდგენილი უძველესი ხელნაწერების კოლექცია, რომელშიც შედის: 1. ანბანდიდების სახარება, IX საუკუნე. ეტრატი. სახარება იმ ძალზედ იშვიათ ხელნაწერთა რიგშია, რომლებიც თავიდან ბოლომდე ნაწერია ქართული დამწერლობის უძველესი სახით – ასომთავრულით. 2. ფსალმუნები, X საუკუნე, ორი ფურცელი, ეტრატი, ფრაგმენტი, ასომთავრული. ამ ხელნაწერის სხვა ნაწილი, ასევე ფრაგმენტული სახით დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 3. ლექციონერი, X საუკუნე, 1 ფურცელი, ეტრატი, ფრაგმენტი, ასომთავრული, ლექციონარების ტრადიცია, როგორც ცნობილია, ლიტურგიკურ მიმართულებაში ადრევე მოისპო. 4. ნევმირებული ძლისპირი X-XII საუკუნეები, 2 ფურცელი, ეტრატი, ფრაგმენტი, ნუსხური, ხელნაწერის ფრაგმენტი, რამდენიმე ძველ ქართულ მანუსკრიპტთნ ერთად, ქართული სანოტო ნიშნების უნიკალურ სისტემას ინახავს. ასევე 4 პალიმფსესტი.

იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრი ამჟამად 348 დოკუმენტსა და 47 კოლექციას მოიცავს.

იტვირთბა....