აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამ რეჟიმის პირობებში აშშ-სთან დალაგება შეუძლებელია” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია ფედერალისტების ლიდერები, თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფებიან. ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ამერიკის ხელისუფლების ნაცვლად ვერ ილაპარაკებს, მაგრამ მათი შთაბეჭდილებით, ქართულ ოცნებას და აშშ-ს შორის “დალაგება შეუძლებელია.” 

თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ოცნება ცდილობს ყველანაირი გზით ვითარების შენარჩუნებას, რადგან “იმისთვის, რომ ივანიშვილმა ძალაუფლება შეინარჩუნოს, მას სასიცოცხლოდ სჭირდება რაღაც ტიპის ნორმალიზება.”

“მართალია, რომ ამ ადმინისტრაციის პერიოდში, დემოკრატიული დღის წესრიგი უკანაა გადაწეული და წინ არის გადმოწეული ეკონომიკური ინტერესები, მაგრამ ეკონომიკური ინტერესების განხორციელებას სჭირდება სტაბილურობა, სტაბილურობას სჭირდება უზრუნველყოფა და ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობა იმის, რომ სტაბილურობა უზრუნველყოს ქვეყანაში, სადაც შიიტური ექსტრემიზმი ძლიერდება მისივე ხელშეწყობით, სადაც ჩინური გავლენა ძლიერდება, სადაც რუსული გავლენა ძლიერდება და სადაც თავისივე ოფიციალური მონაცემებით, ქართველი ამომრჩევლის ნახევარი მას არ აღიარებს, ეს არის წარმოუდგენელი.” – ამბობს ჩერგოლეიშვილი. 

მისი თქმით, აშშ-ს არ აინტერესებს სახელები და გვარები, შტატებში აინტერესებთ პოლიტიკა, – “თუ კურსს შეცვლის ბიძინა ივანიშვილი, კურსს შეხედავენ და არა ივანიშვილის სახელს და გვარს, მაგრამ კურსის ცვლილების პირობებში ივანიშვილი ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს.

(…) მე ამერიკის ხელისუფლების ნაცვლად ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ კურსის ცვლილების გარეშე, ჩვენი შთაბეჭდილებით დალაგება შეუძლებელია, ისეთი დალაგება, რომელიც ქართველ ერს უნდა და სჭირდება, უფრო შორს წავალ და ვიტყვი, რომ ამ რეჟიმის პირობებში საერთოდ შეუძლებელია. კურსის ცვლილების ფუფუნება ბიძინა ივანიშვილს არ აქვს, იქამდე, ვიდრე საზოგადოებას არ გატეხს და საზოგადოებას გატეხვის არაფერი ეტყობა და რომ არ გავტეხილვართ, ერთად უნდა ვაჩვენოთ, 26 მაისს.” 

ჩერგოლეიშვილმა ვიზიტის თემაზე და “შიიტური რადიკალიზმის ინფილტრაციის” საფრთხეზეც ისაუბრა.

“ჩვენი ვიზიტის მთავარი თემა ამჯერად არის ირანის ინფილტრაცია საქართველოში, რესპუბლიკელების ღონისძიებაზეც ვიყავით დაპატიჟებულები, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლ ირანელებს აჯილდოვებდნენ.

დღეს ჰადსონის ინსტიტუტში გაიმართება ლუკ კოფისა და გიორგი კანდელაკის ანგარიშის მოსმენა, ეს ანგარიში საჯაროა და შეგიძლიათ ნახოთ, ეხება ირანის ინფილტრაციას საქართველოში, ეს ჩვენთვის უდიდესი საფრთხეა შიიტური რადიკალიზმის ინფილტრაცია იმიტომ, რომ ეს ისიც კი არ არის, რომ ვერტიკალს ელაპარაკები და ვერტიკალს უგვარებ, ეს ნიშნავს სრულ ქაოსს ქვეყანაში და სრულ უკონტროლობას. როდის რა აგიფეთქდება რო არ იცი, ეს არის ძალიან საშიში ჩვენი ქვეყნისთვის, ამავდროულად ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატების და ზოგადად ჩვენი მოკავშირეების ეროვნულ და უშიშროების ინტერესებს.

რამდენიმე წელია საქართველოში გაძლიერებულია შიდა ექსტრემისტული განწყობები, არ გჭირდებათ ჩემი შეხსენება, ჩვენი თვალით ვნახეთ თბილისის ქუჩებში შეკრებილი საქართველოს მოქალაქეები, ქვეყნის ისტორიაში პირველად, რომლებიც თბილისის ცენტრში, დღისით ყვიროდნენ, რომ აიათოლა ხამენეის ბრძანებების შესასრულებლად მზად არიან, მე თვითონ მქონდა გაზიარებული ვიდეო, სადაც ფაქტობრივად რეკრუტირება ხდება არასრულწლოვნების, ვთქვათ რევოლუციური გვარდიისთვის იქნება ეს თუ, ხამენეის წმინდა ბრძანებების შესრულებისთვის.

ჩვენ ვხედავთ აქციებს ქვემო ქართლში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობით, რომლებსაც ხამენეის, სოლეიმანის მაისურები აცვიათ და მათი ბანერები უჭირავთ, ეს არის უპრეცედენტო მოვლენა საქართველოს ისტორიაში, რომ შევეხო თვითონ დემოგრაფიას, 12% მუსლიმი ქართველი გვყავს ქვეყანაში, აქედან დაახლოებით ნახევარი არის სუნიტური და ქართული წარმოშობის მუსლიმები ძირითადად, ხოლო აზერბაიჯანული წარმოშობის მუსლიმების დიდი ნაწილი არის შიიტი და არასოდეს ამ თემში ირანული ინფილტრაცია პრობლემა საქართველოს ისტორიის მანძილზე არ ყოფილა.

ეს არის რამდენიმე წლის მოვლენა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქართული ოცნების პოლიტიკას და ჩვენი ანგარიშიც და ჩვენი შეხვედრებიც შეეხებოდა ამას, შეხვედრები გვქონდა კონგრესში, შეხვედრები გვქონდა სენატში, შეხვედრები მათთან, ვინც გავლენას ახდენს ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე, ეს შეხვედრები გრძელდება, სახელმწიფო დეპარტამენტშიც გვექნება შეხვედრა.” – ამბობს ჩერგოლეიშვილი. 

იტვირთბა....