დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის სიმბოლო, სახელგანთქმული ლონდონური ბიგ ბენი შესაძლოა მინიმუმ ოთხი თვით გაჩერდეს. საათს სასწრაფო შეკეთება სჭირდება, თუ არადა, უახლოეს მომავალში თავისით გაჩერდება და მისი შეკეთება გაცილებით ძვირი დაჯდება. უკვე ამ ეტაპზე საათის რემონტს 6 მილიონ ევროზე მეტი სჭირდება. ამ თანხის გამოყოფის გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.
„მკაცრი ეკონომიის პერიოდში, როცა პარლამენტი, ცხადია, ხარჯების შემცირების მომხრეა, საკუთარი შენობის ძვირიანი რემონტის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ვინმეს საკამათოდ მოეჩვენოს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბიგ ბენი, ისევე როგორც ელისაბეტის კოშკი, რომელზეც საათია განთავსებული, დიდი ბრიტანეთის სიმბოლოა“ – ამბობს ლონდონის სამეფო კოლეჯის მასწავლებელი ენდრიუ ბლიკი.
ბოლოს, ბიგ ბენს კაპიტალური რემონტი 31 წლის წინ ჩაუტარდა. დღესდღეობით კი საჩქარო განახლებას საჭიროებს ისრები, ქანქარა და სასაათე მექანიზმი. რეკონსტრუქცია სჭირდება ელისაბეტის 156 წლის წინ აგებულ კოშკსაც.