ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსს ჰყავს კონსტიტუციური მთავრობა – ამის შესახებ ლუკაშენკომ თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რა ხდება ქვეყანაში. ნელ-ნელა ცდილობენ და აგრძელებენ სიტუაციის არევას. ახლა შრომით კოლექტივებს მიადგნენ. მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ აქედან არაფერი გამოვა. ქვეყანას არავის დავუთმობთ. სიტუაციას დავიჭერთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ შეხვედრაზე.
ლუკაშენკოს თქმითვე, საზღვარგარეთ ბელარუსს „რაღაც თანამშრომლობას სთავაზობენ და აყალიბებენ ბელარუსის ალტერნატიულ მთავრობას“.
„ჩვენ გვაქვს ნორმალური მთავრობა, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით ჩამოყალიბდა. ჩვენ საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები. ისე რომ, არ ვაწყენინო ამ რესპუბლიკების ხელმძღვანელობას, ვეტყვი – წესრიგი თქვენთან დაამყარეთ“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.