ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბაჩალიაშვილების ოჯახი შსს-სთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთობაზე უარს აცხადებს. ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ითხოვს, რომ საქმის მასალები შსს-დან პროკურატურას გადაეცეს. თამაზაშვილი ირაკლი შოთაძეს ვადას ორშაბათამდე აძლევს.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი მოითხოვს, რომ საგამოძიებო პროცესი პროკურატურამ წარმართოს.

როგორც თეონა თამაზაშვილი აცხადებს, მას თავიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსადმიც ჰქონდა ნდობა, თუმცა ეს ნდობა გაქრა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უკვე მესამედ ორშაბათს შეხვდება. სავარაუდოდ, სწორედ ამ აუდიენციის ფარგლებში გააცნობენ ოჯახს სოციალურ ქსელებიდან აღდგენილ მასალებს, რაც გამოძიებამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იტვირთბა....