„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებით, გიორგი შაქარაშვილი ჯერ კიდევ უგონო მდგომარეობაში ექიმმა ნახა, რომელმაც დაასკვნა, რომ ის ვეღარ გადარჩებოდა, ამის შემდეგ 19 წლის ფეხბურთელი მდინარეში გადააგდეს. გვარამიას თქმით, მკვლელობის საქმის მთავარი ფიგურანტი ნიკა ჟვანია გახლავთ. ამის შესახებ ინფორმაცია, როგორც თავად აცხადებს, წყარომ მიაწოდა.
მისივე თქმით, ნიკა ჟვანია მკვლელობის ეპიზოდიდან განარიდეს, რადგან ის დაჩი ბუაძის მეგობარია, დაჩი ბუაძე კი, გვარამიას მტკიცებით, ავთო ბილანიშვილთან (იგივე “კაწრო”) მეგობრობს, რომელსაც თავის მხრივ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ბერა ივანიშვილთან.
“გვამი გადაადგილებულია, უფრო სწორედ ჯერ კიდევ სიცოცხლეში არის გადაადგილებული უგონო მდგომარეობაში, ჩარეულია ექიმი, რომელმაც დაასკვნა, რომ შაქარაშვილი ვერ გადარჩებოდა, რის შემდეგაც გადააგდეს მდინარეში” – განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.