ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჩვენი სტატიები

რატომ სცადა პატიმარმა თვითმკვლელობა და როგორ აღმოაჩნდა მას მეტალის ნივთები

მოხდა თუ არა მსჯავრდებულის მიმართ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში თანამშრომლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლა 20 წლის პატიმარზე და რა გახდა რეალურად თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი – ამ კითხვებით “მეტრონომმა” სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართა.

როგორც დაწესებულებაში აცხადებენ, ბადრი წოწორია 3 აგვისტოს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, რეტენციული კბილის დიაგნოზით გადაიყვანეს, სადაც 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. პანდემიის პერიოდში დადგენილი წესებიდან გამომდინარე კი, პატიმარი კლინიკიდან პენიტენციური სამსახურის სპეციალურ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. რაც სავარაუდოდ გახდა მისი პროსტესტის საფუძველი და სწორედ საკარანტინო სივრცეში მოხდა მისი მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობა.

“2020 წლის 8 აგვისტოს მსჯავრდებულმა, საკარანტინო სივრცეში ყოფნის პერიოდში გადაყლაპა ლითონის ნივთები (სავარაუდოდ, საკანში არსებული ავეჯიდან მოხსნილი ჭანჭიკები), რის შემდეგაც მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გადაყვანილი იყო სამოქალაქო სექტორის კლინიკაში და ქირურგიული ოპერაციის გზით მოხდა მოცემული უცხო სხეულების ამოღება.”

კლინიკიდან გაწერის შემდეგ, მსჯავრდებულმა უარი განაცხადა საკარანტინო სივრცეში გადაყვანაზე. შესაბამისად, იგი დაბრუნდა სასჯელის მოხდის ადგილზე. პენიტენციურ დაწესებულებაში კატეგორიულად უარყოფენ თანამშრომლების მხრიდან მასზე რაიმე სახის ზეწოლის ფაქტს და აცხადებენ, რომ ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება.

“რაც შეეხება ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებულის მიმართ N6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას ჰქონდა ადგილი, ის სიმართლეს არ შეესაბამება. პატიმრის იდენტურ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომელთანაც თანამშრომლობს სპეციალური პენიტენციური სამსახური და აწვდის მას ყველა საჭირო ინფორმაციას.”

დაწესებულების განცხადებას უპირისპირდება ოჯახის წევრები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს რუსთავის საპატიმროში ზედამხედველები ფიზიკურად უსწორდებოდნენ და თვითმკვლელობა სწორედ იმის გამო სცადა, რომ იქ დაბრუნება არ უნდოდა. ბადრი წოწორიას ადვოკატი, გამოძიების დასრულებამდე მსჯავრდებულის სხვა საპატიმროში გადაყვანას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება სახალხო ინსპექტორის სამსახურმაც დაიწყო.

ამჟამად, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უტარდება სამოქალაქო კლინიკის მიერ დანიშნული პოსტოპერაციული თერაპია.

 

ნინო მართალიშვილი

იტვირთბა....