გული მწყდება, რომ ძალიან ბევრი ტყუილი დაგვაბრალეს – აღნიშნული განცხადება ეკუთვნის ქალს, რომელის ოჯახსაც ზემო სვანეთში ვირუსის გავრცელების პირველწყაროდ მიიჩნევენ.
ის, საბურთალოს ინტენსიური ბოქსირებული პალატიდან დაუკავშირდა “სვანეთინიუსს” და ოჯახის ისტორია დეტალურად მოუყვა:
“გული მწყდება, რომ ძალიან ბევრი ტყუილი დაგვაბრალეს, ამიტომ მინდა დეტალურად მოვყვე ჩემი ოჯახის ისტორია.
ლენჯერში თბილისიდან ჩამოსვლის შემდეგ 2 დღეში მომცა 38 გრადუსი ტემპერატურა, მაგრამ არ ჩავწოლილვარ, სახლის საქმეებით ვიყავი დაკავებული. მეორე და მესამე დღეს კი თავს უბრალოდ მოთენთილად ვგრძნობდი. სიმპტომები უბრალო გაციებას დავაბრალე, რადგან მესტიამდე მგზავრობის დროს მთელი გზა ავტომობილში კონდიციონერი მქონდა ჩართული.
გავიდა დაახლოებით ერთი კვირა და უკვე 27 ივლისს ჩემმა დედამთილმა გამოიძახა სასწრაფო. არითმია ჰქონდა. მისი ეს ქცევა არ გაგვიკვირდა, რადგან მას აქვს ასთმა, C ჰეპატიტი და სხვა მძიმე დაავადებები…
ამის შემდეგ უკვე 28 ივლისს ჩემს მეუღლეს, მამუკა ილდანსაც აუწია სიცხემ. მითხრა მაციებსო და ჩაწვა, რომ ემკურნალა. მოუგონეს, რომ თითქოს ის ამას მალავდა, დადიოდა და არაფერს ამბობდაო. არა და ეს პერიოდი სულ იწვა და არსად გასულა. არც ჭკადუას გასვენებაში, არც წერედიანის-ლატალში. ბოდიშიც კი შევუთვალეთ. არც კვირიკობაზე წასულა და არც ადიშობაზე. იწვა 4 დღე, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა.
დედამთილზე ვღელავდი და დავურეკე ახლობელ ექიმს პირად ნომერზე, მაგრამ რადგან ჩვენთან არ არის ცხელების ცენტრი, ექიმმა მითხრა, რომ ვერ მიიღებდნენ საავადმყოფოში.
დავუწყე დედამთილს სახლში მკურნალობა ექიმის დანიშნულებით, გავუკეთეთ ანტიბიოტიკები და გადასხმები. რამდენიმე ანტიბიოტიკის ინექციის შემდეგ ისევ 38° გახდა ტემპერატურა, საკვებსაც ცოტას იღებდა. შემეშინდა და ისევ ექიმს დავურეკე, მან კი დაგვიბარა მესტიაში და გვითხრა, რომ „ცხელების ცენტრიდან“ რეანომობილი ჰყავდა გამოძახებული და მათ ჩემი დედამთილი ქუთაისში უნდა გადაეყვანათ. ვიცავდით ყველანაირი ჰიგიენის წესებს, ვიყავით პირბადით-ექიმები კი სპეციალური ხალათებით, ხელთათმანებით და პირბადეებით.
წაიყვანეს ჩემი დედამთილი რეანომობილით, ჩემი მეუღლე კი უკან გაჰყვა ავტომობილით. მას ახლდა პიროვნება, რომელიც მთელი ეს პერიოდი ჩემს მეუღლეს გვერდიდან არ მოშორებია და ახლა კარანტინშია, მაგრამ არც კორონავირუსი დაუდგინდა და არც არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება. ასევე ვინც სახლში გვსტუმრობდა და გადასხმებს აკეთებდა-არც იმას.
თავს ახლა კარგად ვგრძნობ. მხოლოდ პირველი ორი დღე მქონდა 38 გრადუსი ტემპერატურა, შემდეგ კი უბრალოდ მოთენთილი ვიყავი რამდენიმე დღე. ახლა მე და ჩემი მეუღლე ინტენსიურში, ბოქსირებულ განყოფილებაში ორ ბავშვთან ერთად ვიმყოფებით, ასევე აქვეა ძმის შვილიც. ბავშვებს არანაირი ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნებათ. ყველას გაგვიკეთეს ანალიზი და სისხლში არაფერი გვაქვს, ფილტვები სუფთაა, წამლებსაც არაფერს გვასმევენ. ტესტის პასუხი კი „სუსტი დადებითი“ მოვიდა. მხოლოდ ჩემს მეუღლეს გაუკეთეს გეპარინი, სისხლი გაქვს ცოტა შესქელებულიო და ანტივირუსული წამალი დაალევინეს რაღაც. ეს არის და ეს.
ექიმები გვეუბნებიან, რომ ჩვენ დავამარცხეთ კორონა და განმეორებითი ტესტი როცა უარყოფითი მოვა-გაგვწერენ. ოთხი დღეა აქ ვართ და უბრალოდ ველოდებით როდის დაგვტოვებს ვირუსი.
თავდაპირველი სიმპტომების მიუხედავად ეჭვიც კი არ მქონია, რომ მე კოვიდ-19-ით ინფიცირებული ვიყავი. თბილისიდან უსიმპტომოდ ჩამოვედი. თბილისში კი ვისთანაც შეხება მქონია, ყველას პასუხი უარყოფითია. ასევე ბავშვები მთელი დღე ვისთან ერთადაც თამაშობდნენ და საერთოდ, ყველა თბილისის ჩვენი კონტაქტი უარყოფითია. ამიტომ, როცა მეკითხებიან პირველადი წყაროს დასადგენად ვისთან მქონდა კონტაქტი თბილისში, ვეუბნები რომ იქ ნუ ეძებენ… მე ვფიქრობ, რომ ვირუსი თბილისში არ შემხვდა. სვანეთში კი სიცხე რომ ჰქონიათ და აქვთ-არ ამბობენ, ერთ ამბავს ტეხავენო… ცხელების ცენტრიც არაა, რომ მიმართონ და ცდილობენ თავად იმკურნალონ. ჩვენც რომ დაგვემალა ეს ამბავი, ისე ჩაივლიდა-ვერავინ ვერაფერს გაიგებდა და ასე გადავიდოდა სხვაზე.”