დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს გამოვლენილი ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი მესტიის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. მისი თქმით, მესტიის მუნიციპლიტეტში გაფართოებული ტესტირება გრძელდება და კვირის ბოლომდე 4 000-მდე ადამიანის გამოკვლევა იგეგმება.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მოქალაქეებს, რომლებიც საკარანტინო სივრცეებში იმყოფებიან, 12 დღის შემდეგ ტესტირება ჩაუტარდებათ და ისე გავლენ კარანტინიდან. მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში გუშინ 800-ზე მეტი ნიმუში გამოიკვლიეს, რომელთა პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთ სოფელსა და ერთ თემში გვაქვს 32 შემთხვევა, სიტუაცია სრულად კონტროლს ექვემდებარება. არავითარი პანიკა არ არის. ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან აქტიურად ეხმარება ეპიდემიოლოგებს. ადამიანების ტესტირებისთვის გამოყვანა ორგანიზებულად მიმდინარეობს და ვფიქრობთ, რომ ამ პატარა ეპიდაფეთქებას დროულად ჩავაქრობთ” – განაცხადა გამყრელიძემ.
დღეს კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი ლენჯერს უკავშირდება. 10 აგვისტოს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში 17 შემთხვევა დადასტურდა.