რუსი სამართალდამცავები ამირან გიორგაძეს ახლაც ეძებენ. ნებისმიერი ინფორმაციისთვის მისი ადგილსამყოფელის შესახებ ჯილდოდ მილიონი რუბლია დაწესებული. გიორგაძეს ოთხი ადამიანის მკვლელობაში სდებენ ბრალს. დანაშაულში თანამონაწილეობის ბრალდება წარუდგინეს მის მძღოლსაც, შოთა ელიზბარაშვილს, რომელიც სამართალდამცავებს უკვე ჩაბარდა. ერთ-ერთი მოკლული კრასნოგორსკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, იური კარაულოვია. გიორგაძე ეჭვმიტანილია, რომ სწორედ მის კაბინეტში იმყოფებოდა, როცა მათ კრასნოგორსკის ელექტროქსელების ხელმძღვანელი გიორგი კოტლიარენკო შეუერთდა. ბრალდების ვერსიით, სიტყვიერი შელაპარაკების შედეგად ეჭვმიტანილმა კარაულოვი და კოტლიარენკო ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და მიიმალა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამირან გიორგაძე კრასნოგორსკის ელექტროქსელების ერთ-ერთი მფლობელია და კრასნოგორსკში სამშენებლო ბიზნესი აქვს.