ჟურნალისტმა გიორგი კაპანაძემ შს სამინისტროს შენობა უკვე დატოვა. გიორგი კაპანაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს კითხვები, მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მასალების თაობაზე ჰქონდათ. მისივე თქმით, აქვს გარკვეული ინფორმაციები, რომელსაც გამოაქვეყნებს მას შემდეგ, რაც კონკრეტულ დეტალებს გარდაცვლილის ოჯახს შეუთანხმებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
აქვე გეტყვით, რომ უწყებაში 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით იყო დაბარებული.
“სულ ორი კითხვა ჰქონდა ჩემთან გამოძიებას. პირველი, საიდან და როგორ მოვიპოვე ის მტკიცებულება, რომელიც ჩემს სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე, რაზეც ვუთხარი,რომ ვერ დავასახელებდი იმ ადამიანს, ვინც ეს კონკრეტული და ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება გადმოგვცა. მეორე კითხვა იყო, რა სახის ურთიერთობა მაქვს, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებთან.
ის მტკიცებულება, რომელიც დღეს ჩემს სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე, ჩემი აზრით, არის ძალიან დიდი საფუძველი იმის, რომ გამოძიებამ იფიქროს კვალიფიკაციის შეცვლაზე. ანუ, გამოძიება გაგრძელდეს არა თვითმკვლელობის ან თვითმკვლელობამდე მიყვანის, არამედ მკვლელობის მუხლით. ეს და კიდევ სხვა გარემოებები იძლევა ამის საფუძველს. ვიმედოვნებ შინაგან საქმეთა სამინისტრო პროკურატურასთან ერთად, უბრალოდ, იძულებული გახდება გამოძიება აწარმოოს მკვლელობის მუხლით” – განაცხადა კაპანაძემ.
გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, მის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტზე ექსპერტიზა დაინიშნება.
“ის ფურცელზე დაწერილი, ტექსტი, რომელიც ჩემს პირად გვერდზე დავდე, დიდი ალბათობით, თამარ ბაჩალიაშვილის მიერ არის შესრულებული, რაზეც მიუთითებს მისი სახელი და გვარი. ცხადია, დაინიშნება ექსპერტიზა. დამიდასტურეს გამომძიებლებმა, რომ დანიშნავენ ამ დოკუმენტზე ექსპერტიზას. მას შემდეგ, რაც ექსპერტიზა, დიდი ალბათობით, დაადასტურებს, რომ ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილმა დაწერა, ცხადია, გამოძიებამ კვალიფიკაციის შეცვლაზე უნდა იფიქროს” – განაცხადა კაპანაძემ.
ცნობისთვის, 12 აგვისტოს გიორგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა. თამარ ბაჩალიაშვილის ერთ-ერთი ბოლო ფრაზა, რომელიც მან ფურცელზე დაწერა არის: “პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე” – აქვე წერია ციფრი – “15.”
“გამოძიებისთვის უცნობი ახალი ფაქტები მოვიპოვეთ თამარ ბაჩალიშვილის საქმიდან, რომელთაგან ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ ერთს ვასაჯაროვებ… “პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე” – ეს არის თამარ ბაჩალიაშვილის ერთადერთი ბოლო ფრაზა, რომელიც მან ფურცელზე დაწერა. აქვე წერია ციფრი – “15”… ვის წინაშე ან რატომ იყო კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი უძლური? რა ინფორმაცია ჩაუვარდა მას ხელში?” – წერს კაპანაძე.