მთავარი სპორტი

ფეხბურთის ფედერაციას 10 მილიონი ლარი ვალი აქვს

ლევან კობიაშვილი: “ხელშეკრულებების გაფორმება ზვიად სიჭინავას პირად ინტერესებს ემსახურებოდა”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა და ფედერაციაში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა. ლევან კობიაშვილის განცხადებით, სფფ-ს ბევრი ფინანსური ვალდებულება აქვს აღებული და საერთო ჯამში, ვალი 10 მილიონ ლარს შეადგენს. სფფ-ს დავალიანება, „ვითიბი“ ბანკის მიმართ 3 მილიონი ლარი აქვს.

„რთული, მძიმე მდგომარეობაა ფედერაციაში. ეს მანამდეც ცნობილი იყო. არჩევნებამდე, კანდიდატებმა მოითხოვეს ფედერაციისგან სრული ფინანსური და ტექნიკური ინფორმაცია, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია ვერ მივიღეთ. გვქონდა მოლოდინი, რომ სიტუაცია მძიმე იქნებოდა, მაგრამ სიტუაციის ახლოს გაცნობამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მდგომარეობა რთულია. ფედერაციას დავალიანება აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, კონკრეტული ბანკის მიმართ, ისე უეფასი.

„ვითიბი“ ბანკის მიმართ დავალიანება 3 მილიონ ლარს შეადგენს. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ რამენაირად მოხერხდეს დაფარვა ან გადავადება. ვიმეორებ, ძალიან მძიმე მდგომარეობაა ფედერაციაში და ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებას მოვახერხებთ, რომ არც ფედერაცია დაზარალდეს და არც ბანკი. ეს არავის ინტერესში არ შედის. მეორე საკითხია უეფას დავალიანება. სფფ-მ გასულ წელს კლუბებს ფინანსური დახმარება გაუწია, უეფასგან 2016 წლის თანხები წინასწარ აიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ ფული აღარ შემოვა და ეს იქნება სერიოზული პრობლემა. საუბარია ორ მილიონ ევროზე. სერიოზული პრობლემაა რუსთავში, სადაც სფფ-ს აკადემია შენდება. ყოფილი პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა, გვპირდებოდა, რომ უეფას სუპერთასამდე მოხდებოდა ამ აკადემიის გახსნა, მაგრამ დღეს სამუშაოების 50%-ია მხოლოდ შესრულებული, დავალიანებებია მშენებელი კომპანიის მიმართ და შეჩერებულია სამუშაოები.

უნდა გაკეთდეს 6 მოედანი, აქედან, მხოლოდ ერთია დასრულებული. არც ადმინისტრაციული შენობაა დამთავრებული, უნდა აშენდეს სტადიონი, თავისი ტრიბუნებით. დადებულია გაურკვეველი ხელშეკრულება კონკრეტულ ტელევიზიასთან. ნამდვილად არ მესმის, რა საჭირო იყო ამ ხელშეკრულებების გაფორმება. ბევრი მათგანი, არჩევნებამდეა დადებული. ხელშეკრულებების გაფორმება ზვიად სიჭინავას პირად ინტერესებს ემსახურებოდა. არასწორად მიმაჩნია მსგავსი რაღაცეების გაკეთება. 17 წლამდელთა ნაკრები უნგრეთში მიემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატი ტარდება, ქალთა ნაკრებმა შვეიცარიაში შესარჩევის მატჩი უნდა ითამაშოს, ფუტზალის ნაკრები მოლდოვაში მსოფლიოს შესარჩევზე მიემზგავრება, ნაკრებებს სათამაშო ფორმა არ ჰქონდათ. კომპანია „ჯომა“ დაგვიდგა გვერდით, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო,-  არსებულ მდგომარეობას ფედერაციაში კერძო აუდიტი შეისწავლის, რადგან დადებული ხელშეკრულებებიდან ირკვევა, რომ რიგი ხელშეკრულებებისა არამიზნობრივად არის დადებული.“- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

 

შეგახსენებთ, 18 ნოემბერს, რიგგარეშე ყრილობაზე ახალი აღმასკომი აირჩევა და განიხილება ის საკითხები, რომლებიც შემდეგ წესდებაში ცვლილებების სახით.

 

იტვირთბა....