ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“არჩილ გაგნიძე ამბობს, შაქარაშვილი თუ ვცემე და გადავაგდე, ამირხანაშვილს თბილისში რატომ წამოვიყვანდი, იმასაც მივაყოლებდითო” – ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე წარდგენილ ბრალდებას მორაგბე არჩილ გაგნიძე კატეგორიულად არ ეთანხმება. ამის შესახებ “პრაიმტაიმს” მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.

„გაგნიძე ამ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა. ამას საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიც ადასტურებს. ჩვენ გვედავებიან, თითქოს ჩავედით იმ ადგილზე, ვცემეთ და წყალში გადავაგდეთ გარდაცვლილი.

გადაირია გაგნიძე რას მეუბნებით, იქ საერთოდ არ ჩავსულვარო. დიდი პროტესტი გამოხატა. ის ბრალს არ აღიარებს. არჩილ გაგნიძე ჰყვება, რომ არც იცოდა შაქარაშვილი რომ სცემეს. ამბობს, შაქარაშვილი თუ ვცემე და გადავაგდე, გური ამირხანაშვილს თბილისში რატომ წამოვიყვანდი, იმასაც მივაყოლებდით, რატომ დავტოვებდითო?“ – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა. საუბარია “ტოიოტა ქემრის” მგზავრებზე. ვახო ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს, ა.ქ-ს და ზ.ხ.-ს გამოძიება დღემდე წარდგენილ ბრალდებებთან ერთად, ახლა უკვე დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობასაც ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გარდა ამისა, პროკურატურამ დღეს საზოგადოებას შაქარაშვილის მკვლელობის საკუთარი ვერსია და შესაბამისი ვიდეო-რეკონსტრუქცია წარუდგინა.

 

იტვირთბა....