“მე თუ რაიმე გამოვიწვიე გუშინდელი ეთერიდან და საერთოდ, რაც კი მითქვამს იქიდან გამომდინარე, მივმართავ დეას, არ მინდა რაიმე ნეგატიური ფონი იყოს მის მიმართ ჩემი მხრიდან, პირიქით – მინდა მოვუბოდიშო იმის გამო, რაც ადრე მითქვამს და მიმიწერია, მაგრამ საქმე ისაა, რომ დეას დედა როგორც მეპყრობა, ეს არის არაადეკვატური.”
ბაჩანა ლობჟანიძე – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი.
ამის შესახებ მან “გიორგი თარგამაძის ფორმულაში” განაცხადა.
9 აგვისტოს, “მთავარი არხის” ეთერში ბაჩანა ლობჟანიძემ დეა კაპანაძის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
ცნობისთვის, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გარდაცვლილის “შეყვარებულს” სახელით გამოჩნდა, აცხადებს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება. მისი თქმით, კომპანია “ზეგ” მალავს რეალურ საქმიანობას.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.