ე.წ.კასრების საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 11 პირი დამნაშავედ ცნო. გთავაზობთ სპეციალურ განცხადებას რომელსაც უწყება ავრცელებს.
“17 ოქტომბერს მედიასაშუალებებით გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, რომელშიც ნაჩვენებია წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ფაქტები, საქართველოს მთავარი პროკურატურა განმარტავს, რომ 2013 წლის 15 ივნისს დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობისა და ფეთქებადი ნივთიერების, უკანონოდ შენახვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების ფარგლებში დათვალიერდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ნანახი იქნა მიწაში დამარხული რვა კასრი, რომლებშიც აღმოჩნდა დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ნარკოტიკული საშუალებები და ვიდეოფირები. ამოღებულ ვიდეოფირებზე აღმოჩნდა წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. აღმოჩენილ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წელს ორ პიროვნებას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მიიყვანეს ზუგდიდის რაიონის ტყეში არსებულ სპეციალურად მოწყობილ კონსპირაციულ მიწურში, სადაც შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მეგის ქარდავამ, ამავე სამმართველოს თანამშრომლებმა კოხტა კოდუამ, დავით ჩაგინავამ, თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კობა თოდუამ და თეიმურაზ უბირიამ არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად სასტიკად სცემეს, გააშიშვლეს, დააბეს მაგიდაზე და აწამეს. ამის შემდეგ აღნიშნულ პირების ბოლომდე გატეხვის მიზნით მათზე განხორციელდა გაუკუღმართებული სექსუალური კონტაქტი ძალადობით. აღნიშნულ სასტიკ ძალადობრივ ქმედებებს ვიდეო-კამერით იღებდა კოხტა კოდუა. წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოფირები მტკიცებულების სახით დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და საქმესთან ერთად წარიმართა არსებითად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში. საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეოფირები, გადაეცა დაცვის მხარესაც”, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
ვინაიდან მათ აღიარეს ჩადენილი დანაშაული და არსებითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან, ასევე საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას გათვალისწინებული იყო ის გარემოება, რომ მათ შემხებლობა არ ჰქონიათ დაზარალებულების წამებასა და ძალადობრივ სქესობრივ დანაშაულთან. ხვიტიასა და შონიას საბოლოო სასჯელის ზომად 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. რუსლან შამახია სამეგრელო ზემო-სვანეთის შს კუდ-ის ყოფილი უფროსი, რომელსაც ბრალი ედებოდა სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ზ” ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილით, სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას, წამებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, წარდგენილ ბრალდებაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ.
“ამჟამად მსჯავრდებულები მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა იმყოფებიან მიმალვაში და მათ მიმართ მიმდინარეობს საერთაშორისო ძებნა. ასევე საერთაშორისო ძებნა მიმდინარეობდა დავით ჩაგინავას მიმართ, რომელიც საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაკავებული იქნა საზღვარგარეთ და მოხდა მისი ექსტრადირება საქართველოში. განაჩენი გასაჩივრებულია ბრალდების მხარის მიერ და თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა. ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვს რუსლან შამახიას გამტყუნებას, ასევე წამებასა და გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებაში მსჯავრდებულების სასჯელის დამძიმებას”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეახსენებთ, რომ “17 ოქტომბერს მედიასაშუალებებით გავრცელდა კადრები,რომელშიც ნაჩვენებია წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ფაქტები, კადრები ზუგდიდში თბილისში, ღია ცის ქვეშ აჩვენეს.